კვარაცხელიას მკვლელობის საქმე - სასამართლოში მოწმეები გამოკითხეს
22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე სასამართლოში მოწმეები გამოკითხეს. გამოიკითხა 3 მოწმე, რომლებმაც ბრალდებულებს მანქანები მიაქირავეს.
ავტომანქანის მეპატრონის ჩვენების მიხედვით, ავტომანქანის დათვალიერებისას დაკავებულების პირადი ნივთები იპოვეს. კერძოდ, ორი წყვილი ბოტასი, სწრაფი კვებიდან გამოძახებული საკვები, ყავის ჭიქები და ა.შ.
საქმის პროკურორის გია შაიშმელაშვილის განცხადებით, მათ საქმეზე საკმარისი მტკიცებულებები აქვთ მოპოვებული.
მოწმეებმა დაადასტურეს, თუ როგორ მიაქირავეს ავტომობილი ბრალდებულებს, დაადასტურეს მათი ვინაობა, სასამართლოს სხდომის დარბაზში ამოიცნეს ერთ-ერთი ბრალდებული და მიუთითეს მასზე, რომ მან იქირავა ავტომობილი. ასევე მათ პირად ტელეფონში არსებული "ჯიპიარეს" მონაცემების დემონსტრირება, რომლის მიხედვითაც დადასტურდა, რა მარშრუტით და მიმართულებებით გადაადგილდებოდნენ ბრალდებულები ნაქირავები ავტომობილით. ავტომობილში მომზადებული იყო საკვები, გამოსაცვლელი ტანსაცმელი",- განაცხადა შაიშმელაშვილმა.
ნიკა კვარაცხელია თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 15 სექტემბერს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებულად გამოძიებამ აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დაასახელა, თუმცა მკვლელობის ადგილიდან ორივე მათგანმა მიმალვა მოახერხა. ბრალდებულები სპეცოპერაციის შედეგად, მოგვიანებით წყნეთში დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, ბრალდებულებმა კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვეს. აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ბრალი ედება ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განხრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალო მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში.