ჩხრეკა არასრუწლოვნების თანდასწრებით - პოლიციას ისევ ძალადობაში ადანაშაულებენ

07.02.22 14:58
ჩხრეკა არასრუწლოვნების თანდასწრებით -  პოლიციას ისევ ძალადობაში ადანაშაულებენ

ჩხრეკა მარტოხელა დედის სახლში არასრულწლოვანი ბავშვების თანდასწრებით -  პოლიციას ისევ ძალადობაში ადანაშაულებენ.

ირკვევა, რომ რვა პოლიციელი ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ბინაში უკანონო იარაღს ეძებდა, თუმცა მას შემდეგ რაც ცეცხლსასროლი იარაღი ვერ იპოვეს, ახალგაზრდა ქალი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. სოციალურად დაუცველი ოჯახი ეჭვობს, რომ ცრუ დასმენა მეზობელმა განახორციელა, რის შემდეგაც, 10-მდე პოლიციელი სახლში შეუვარდათ, სახლი გაჩხრიკეს, დედა დააკავეს, 15 და 5 წლის ბავშვები კი სახლში მარტო დატოვეს. 

 ბავშვები მინდობით აღზრდაში არიან გადაყვანილი. 15 წლის გოგონა შველას არასამთავრობოებსა და ჟურნალისტებს სთხოვს.

ამბობს, რომ  პოლიციელმა მასზე იძალადა,  აქვს დაზიანებებიც თუმცა სოც.მუშაკმა ექსპერტიზის ნაცვლად იმერეთიდან აჭარაში  მინდობით აღზრდაში გადაიყვანა.

დედის გარეშე, უცხო ოჯახში მყოფი არასრულწლოვანი, აცხადებს, რომ პოლიციამ მას მობილური ტელეფონი ძალის გამოყენებით წაართვა, რადგან მათ ბინაში მიმდინარე პროცესს იღებდა. არასრულწლოვანი აღნიშნავს, რომ მას ხელზე დაზიანებები აღენიშნება: 

ვიღაცამ გააკეთა განაცხადი, სახლში იარაღი არისო, რათ უნდა ორი შვილის, მარტოხელა დედას იარაღი?! 8 თანამშრომელი იყო, ვერაფერი იპოვეს, თუმცა დედაჩემი მაინც გადაიყვანეს. ბავშვი მთელი ღამის განმავლობაში ტიროდა - დედა უნდოდა. 5 წლისაა და ამ ხნის განმავლობაში დედაჩემს 5 წუთით არ მოშორებია. მეორე დღე დაიწყო და არ უნახავს, არავინ გვეუბნება, სად და როგორ არის,  დიაბეტითაა დაავადებული. 

ყველაფერს მობილურით ვიღებდი, მაგრამ განყოფილების უფროსმა, გიორგიმ ტელეფონი წამართვა, ხელი ამომიბრუნა, ნაკაწრი მაქვს ხელზე. ეს სოც. მუშაკმაც იცის"- აცხადებს 15 წლის მოზარდი. 

38 წლის ქალი, წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული, ქუთაისის პოლიციაში მედიის კითხვებს არ პასუხობენ.