როდესაც თბილ სიტყვებს გეუბნებიან, მადლობას უხდი, ეს მარტივი თავაზიანობაა- ანდრია ჯაღმაიძე ,,უცნობის" აქციაზე
რატომ ატყდა ასეთი დიდი ამბავი, საპატრიარქომ მადლობა გადაუხადა ხალხსო? - კითხულობს საპატრიარქოს პრესმდივანი. ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს დამართული ,,მარადისობის დღის" მონაწილეები აპროტესტებდნენ ილია მეორეს მიმართ გამოთქმულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს და პატრიარქს მადლობას უხდიდნენ.
ეს ადამიანები პატრიარქისადმი სიყვარულს გამოხატავდნენ დაუფარავად. ეს ადამიანები არ იღებენ პატრიარქისადმი გამოხატულ შეურაცხყოფას და მოსახლეობის უდიდესი ნაწილია ეს.
მადლობა მათ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სახელით, რომ მათ ესმით ჩვენი.
უამრავი უცხო ადამიანი დღეს ქუჩაში მაჩერებდა და მადლობას გვიხდიდა და პატრიარქთან თბილ სიტყვებს მაბარებდა.
როდესაც თბილ სიტყვებს გეუბნებიან, მადლობას უხდი, ეს მარტივი თავაზიანობაა. დარწმუნებული ვარ ასევე იქცევიან თავად ისინი, ვინც ეს გაიკვირვა - წერს ანდრია ჯაღმაიძე.
დღეს თბილისში აქცია-პერფომანსი ,, მარადისობის დღე" გაიმართა. მისი მონაწილეები საპატრიარქოსთან მივიდნენ და ილია მეორეს გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს.
საპატრიარქო ამ ფაქტს გამოეხმაურა და აქციის მონაწილეებს თავად გადაუხადა მადლობა, თუმცა მოგვიანებით განცხადების ტექსტი შეცვალა.