პოლიციის ქმედებები რიონის ხეობაში მიზნად მშვიდობიანი პროტესტის ხელის შეშლას ისახავს - არასამთავრობო სექტორი

12.04.21 13:29
 პოლიციის ქმედებები რიონის ხეობაში  მიზნად მშვიდობიანი პროტესტის ხელის შეშლას ისახავს - არასამთავრობო სექტორი

რიონის ხეობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედებები არათანმიმდევრულია და მიზნად  მშვიდობიანი პროტესტისთვის ხელის შეშლას ისახავს - ამ პოზიციას არასამთავრობო ორგანიზაციები ნამოხვანჰესის ირგვლივ განვითარებული მოვლენების  შესწავლისა აფიქსირებენ.  სამოქალაქო სექტორი მოუწოდებს ხელისუფლებას, ჰესის მოწინააღმდეგებს კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის უფლება არ შეუზღუდონ. ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მთავრობამ პროცესი დიალოგის ფორმატში უნდა დააბრუნოს.

,,სოციალური სამართლიანობის ცენტრი", ,,საია" და ,,მწვანე ალტერნატივა"  ეხმაურებიან რიონის ხეობაში გუშინ, 11 აპრილს განვითარებულ მოვლენებს და განცხადებას ავრცელებენ.

 მივიჩნევთ, რომ უკანასკნელ დღეებში ხელისუფლების მიერ გატარებულმა საპოლიციო მოქმედებმა განსაკუთრებულად მძიმე და უფლებაშემლახავი ფორმები მიიღო, რაც დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა შეწყდეს და ხელისუფლების მოქმედებები დაუბრუნდეს ადამიანის უფლებების დაცვის ჩარჩოს - აღნიშნულია სამოქალაქო სექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რიონის ხეობაში გუშინ სამართალდამცველებმა ჰესის მშენებლობის მოწინაააღმდეგეთა კარვები აიღეს. მიზეზად პოლიციამ მდინარის ადიდების საშიშროება დაასახელა.