ყვიროდა, შეუძლოდაც კი გახდა - მეზობლები კაცზე, რომელიც მძინარე მშობლების დახოცვაშია ბრალდებული
"მშვიდი, წყნარი, გაწონასწორებული"- ასე ახასიათებენ მეზობლები 29 წლის გიორგი ბეროზაშვილს, რომელსაც გამოძიება მძინარე დედ-მამის მკვლელობას ედავება.
მათივე განცხადებით, ახალგაზრდა რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, ვაზისუბანში ლალი და ზაზა ბეროზაშვილები დახოცა, კრიმინალური პოლიციის ყოფილი თანამშრომელია.
ადგილობრივების განცხადებით, მომხდარიდან მალევე ბეროზაშვილი შემთხვევის ადგილზე მივიდა, ყვიროდა - "ყველაფერი დავკარგეთო" და "შეუძლოდაც კი გახდა".
მეზობლებს უჭირთ იმის გაანალიზება, რომ შვილი დედ-მამას სიკვდილისთვის გაიმეტებდა. რაც შეეხებათ დაკავებულის დებს, ისინი ამ წუთებშიც მოკლული ზაზა ბეროზაშვილის კუთვნილ ავტოფარეხში იმყოფებიან, სადაც პოლიცია 5 საათზე მეტია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.
უცნობია, რას ამბობს მკვლელობაში ბრალდებული, მასთან ადვოკატი ამ დრომდე არ შესულა.
რაც შეეხებათ მოკლულებს, ზაზა ბეროზაშვილი ბრატისლავას უნივერსიტეტის სამართლის დოქტორია, ის გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის ოფისის კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობდა. მისი მეუღლე, ლელი ბეროზაშვილი, კი დიასახლისი იყო.
გომელაურის უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საცხოვრებელ ბინაში მძინარე მშობლებს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.
უწყების ცნობითვე, გიორგი ბეროზაშვილმა ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით ყაჩაღობის ინსცენირება მოახდინა, კერძოდ: კარადებიდან გადმოყარა ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთი, მოძებნა მშობლების კუთვნილი თანხა და ოქროს სამკაულები, შემდეგ ბინაში განზრახ გააჩინა ხანძარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.