სასტიკი მკვლელობა ვაზისუბანში - სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება
გიორგი ბეროზაშვილის მიმართ, რომელმაც მძინარე მშობლები ზაზა ბეროზაშვილი და ლალი თავაძე ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოშ 12:00 საათზეა დანიშნული.
ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მკვლელობა 27 აპრილს მოხდა.
შსს-ს ცნობით, 30 წლის გიორგი ბეროზაშვილმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა.
ზაზა ბეროზაშვილისა და ლალი თავაძის ცხედრებს, რომლებიც ხანძრის შემდეგ იპოვეს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ.
გიორგი ბეროზაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა- შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ გულისხმობს.
ბრალდებულს 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.