რობერტ სტურუასგან ადეკვატურ რეაქციას არც ველოდი - ნინუცა მაყაშვილი

14.04.21 11:32
რობერტ სტურუასგან ადეკვატურ რეაქციას არც ველოდი - ნინუცა მაყაშვილი

ნინუცა მაყაშვილი რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის იმ განცხადებას ეხმიანება, სადაც რობერტ სტურუა მსახიობს ტყუილში ადანაშაულებს.  მაყაშვილი ამბობს, რომ რობერტ სტურუსგან ადეკვატურ რეაქციას არც ელოდა, რადგან მას კარგად იცნობს და იცის, როგორი ადამიანია. 

მე ასე ჩავთვალე, რომ ვიყავი მათi ხმა, ყველა იმ ადამიანის ხმა, რომლებიც ვერ ლაპარაკობენ ამაზე და არა ის, რომ ან ფულადი კომპენსაცია ამეღო, რა სასაცილოა, ან ის, რომ პარფიუმერიაში, ან კლუბებში ვხარჯავდი ფულს, ეს ძალიან სასაცილო კომენტარია. არც ველოდი, რომ ადეკვატური რეაქცია ექნებოდა, ან სიტუაციურად ადეკვატური პოსტი იქნებოდა. ვიცნობ, ვიცი, როგორი ადამიანიც არის, როგორი დამოკიდებულება აქვს ბესოს მიმართ, შესაბამისად, მას შემდეგ, ისევე, როგორც მე, ძალიან ბევრი ადამიანი თეატრიდან უსამართლოდ გამოუშვეს ყოველგვარი მიზეზის გარეშე. მაშინ დედაჩემი მაქსიმალურად ავარიდე  ამ ყველაფერს, იმიტომ, რომ ძალიან უნდოდა სასამართლოში ეჩივლა, მას შემდეგ მე აღარაფერი მიკვირს, - ამბობს მაყაშვილი.

მსახიობი ამბობს, რომ ყოფილი მეუღლის მიმართ სამართლებრივი დავის დაწყება არ სურს. 

ეს არ ყოფილა მიზანმიმართული არც შურისძიებისკენ, არც რაღაცა ფულადი ანაზღაურებისკენ. ვმუშაoბ, მაქვს ხელფასი. ჩემი მიზანი არ არის მისი დაჭერა, - ამბობს მაყაშვილი.

გადაცემა „ფარულ კონვერტში“ მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი მეუღლის, ბესო ზანგურის, მხრიდან ძალადობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ყოფილი მეუღლე მასზე სისტემატიურად ძალადობდა.  

ნინუცა მაყაშვილს მხარდაჭერა კოლეგებმაც გამოუცხადეს. მათმა ნაწილმა ბესო ზანგურთან ერთად სცენაზე დგომა აღარ ისურვა. 

დიდი ალბათობით, საქმეს სამართლებრივი გაგრძელება მაინც ექნება.