თანახმა ვარ კლინიკა "ვივა მედში" გადასვლაზე შემდეგი პირობებით - მიხეილ სააკაშვილი

10.05.22 18:42
თანახმა ვარ კლინიკა "ვივა მედში" გადასვლაზე შემდეგი პირობებით - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თანახმაა, სამკურნალოდ სამოქალაქო კლინიკა ,,ვივა მედში" გადავიდეს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. 

მიხეილ სააკაშვილი პირობას აყენებს, გადავა სამოქალაქო კლინიკაში იმ შემთხვევაში, თუ მასთან მუდმივი დაშვება ექნება პირად ექიმს, ოჯახის წევრებსა და ცენტრ ,,ემპათიას" მედიკოსებს. 

საქართველოს იუსტიციის მინისტრს და პენიტენციური სამსახურის დირექტორს:
ვინაიდან ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დასუსტებულია და ვფიქრობ, შეუთავსებელია სასიცოცხლო მაჩვენებლებთან, თანახმა ვარ კლინიკა "ვივა მედში" გადასვლაზე გამოკვლევებისთვის, 
გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისა და მკურნალობისთვის შემდეგი პირობებით:
1. მუდმივი დაშვება ჰქონდეთ ჩემს ოჯახის წევრებს, ჩემს პირად ექიმს ნიკა ყიფშიძეს და ალტერნატიული კომისიის წევრებს ცენტრ "ემპათიადან", რაც კანონით განსაზღვრულია და რაზეც აქამდე უკანონოდ მეძლეოდა უარი;
2. სამუშაო საათებში დაშვება ჰქონდეთ კანონით განსაზღვრულ პირებს, ადვოკატებსა და პარლამენტის წევრებს;
3. ყოველ გამოკვლევაში, დიაგნოსტიკაში, დანიშნულების დადგენასა და ასევე მკურნალობის შემდგომი ეტაპების თუ გამოჯანმრთელების ფაქტის განსაზღვრა მოხდეს პარიტეტულ საფუძველზე შექმნილი შემადგენლობით, ცენტრი "ემპათიის" ჩართულობით და მათი თანხმობის შემთხვევაში სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრების მონაწილეობით;
4. როგორც კი აღნიშნულ საკითხებზე მივიღებ პასუხს, მზად ვარ, დაუყოვნებლივ გადავიდე "ვივა მედში";
5. გთხოვთ, აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილება მიიღოთ ჩემი ოჯახის წევრებისა და ადვოკატების ჩართულობით.
- წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, დღეს განაცხადა, რომ სახელმწიფო თანახმაა, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანოს. 

მსგავსი სიახლეები