"სადაც არ უნდა ვიყო, ივანიშვილს სახეს ავახევ!" - გვარამიას ემოციური მიმართვა სასამართლოზე
"მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია, მისივე სასამართლო პროცესზე, რომელიც დასკვნით ეტაპზეა, მოსამართლის წინაშე ემოციური სიტყვით წარსდგა. გვარამიამ ახლობლებს სთხოვა, მასთან დაკავშირებით ქვეყნის პრეზიედენტ სალომე ზურაბიშვილს არასდროს არაფერი სთხოვონ, რადგან "არათავისუფალი" ადამიანი თავისუფალს თავისუფლებას ვერ მიანიჭებს".
არასდროს არაფერი ჩემთან დაკავშირებით არ სთხოვოთ პრეზიდენტად წოდებულ სალომე ზურაბიშვილს. კატეგორულად მოვითხოვ. ამას თუ გააკეთებთ, ეს იქნება ჩემი დამცირება და თავისუფლებაზე გამოსვლა კი არა, მონობაში გამოსვლა, რამეთუ, არათავისუფალი ადამიანი თავისუფლებისთვის მებრძოლს თავისუფლებას ვერ მიანიჭებს. მისი მიმართულებით სიტყვა არ დაიძრას. არა და არასდროს! ეს არის ჩემი პოზიცია მისივე ციტირებით.- განაცხადა გვარამიამ.
"მთავარი არხის" დამფუძნებელი ასევე ქვეყნის არაფორმალურ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს, მის წინააღმდეგ ბოლომდე ბრძოლას დაპირდა.
გადავწყვიტე, რომ ჩემს ცხოვრებას მივუძღვნიდი ბიძინა ივანიშვილის ცხოვრების გამწარებას. ახლა ვეუბნები აქედან, სადაც არ უნდა ვიყო, რამდენი ხანიც არ უნდა ვიყო, სახეს ავახევ!, - განაცხადა გვარამიამ.
ნიკა გვარამიამ ასევე, მეუღლეს და "მთავარი არხის" გუნდს მიმართა და უთხრა, რომ ქვეყნის ბედი მეტწილად მათზეა დამოკიდებული.
სოფო, შენ იცი კარგად, რომ ნიკა გვარამია გარეთ უფრო პარადოქსია, ვიდრე ნიკა გვარამია ციხეში. ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია, ეს შენ იცი. უბრალოდ, მოგიწევს ეს მშვიდად უახსნა ბავშვებს. ჩვენ ახლა ძალიან გვიჭირს. ჩემი ტელევიზიის არყოფნა სავარაუდოდ, გაამწვავებს ამ პრობლემებს, ამიტომ დაეხმარეთ ტელევიზიას, რომელიც დაიხურება, თუ ეს არ მოხდა.
მე მინდა, მივმართო ჩემს მეორე ოჯახს, ყველას ყველაფერი სთხოვეთ, მთავარია, ფეხზე იდგეთ. ამ ქვეყნის ბედი, დაიმახსოვრეთ, კიდია თქვენზე. - თქვა ნიკა გვარამიამ პროცესზე.
ნიკა გვარამიას საქმეზე მოსამართლე ლასა ჩხიკვაძე განაჩენს რამდენიმე დღეში გამოაცხადებს. მისივე თქმით, სხდომის თარიღი მხარეებს წინასწარ ეცნობებათ.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოში დღეს ნიკა გვარამიას პროცესი გაიმართა., რომელიც დასკვნით ეტაპზეა.
"მთავარი არხის" დამფუძნებელი თანხების არამიზნობრივ ხარჯვაშია ბრალდებული. პროკურატურა ამტკიცებს, რომ გვარამიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" თანხები გაფლანგა.