დაისაჯოს ყველა, ვინც საქმე გააყალბა - ზაზა სარალიძის პოზიცია

15.04.21 20:32
დაისაჯოს ყველა, ვინც საქმე გააყალბა - ზაზა სარალიძის პოზიცია

დათუნა სარალიძის მკვლელობის საქმე და კიდევ ერთი დაკავებული - სარალიძის ოჯახისათვის გიორგი მენაბდის დაკავებით ყველაფერი არ სრულდება.

შვილმოკლული მამა, ზაზა სარალიძე, ახლა ყველა იმ პოლიციელის  და პროკურორის დასჯას ითხოვს, ვინც სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმე გააყალბა. 

ზაზა სარალიძის ოჯახი, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვერ იქნება. დათუნა სარალიძეს ვერც ეს ქმედება გააცოცხლებს. ჩვენ ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ ყველა ის პირი არ დაისჯება, ვისმა ქმედებებმაც ეს საქმე აქამდე მიიყვანა. ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, თანამდებობის პირებს, რომლებმაც გარკვეული პირების ზემოქმედებით მიიყვანეს ეს საქმე აქამდე - თქვა "ტვ. პირველთან" დათუნა სარალიძის ოჯახის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ. 

დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 3 წლის შემდეგ კიდევ ერთი პირი, გიორგი მენაბდე, დააკავეს. აღსანიშნავია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ სისხლიან გარჩევაში მენაბდის გვარმა თავიდან არაერთხელ გაიჟღერა. ითქვა ისიც, რომ სასულიერო პირის შვილი გარჩევის დროს ზურგის არეში დაიჭრა, თუმცა, მაშინ არც ერთი ოფიციალური უწყება ამ ფაქტს არ ადასტურებდა.  

დეკანოზ შიო მენაბდის შვილს ბრალად ედება არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობა. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.