ხელისუფლებასთან შეხვედრის შემდეგ გუმათში პროტესტი გრძელდება

16.04.21 11:29
ხელისუფლებასთან შეხვედრის შემდეგ გუმათში პროტესტი გრძელდება

რიონის ხეობის მცველების ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის მიუხედავად, სოფელი გუმათი ისევ გადაკეტილია. ტერიტორიას ისევ  სამართალდამცველები იცავენ. ადგილზე რჩება რკინის კონსტრუქცია. ადგილობრივები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. 

გუშინდელი შეხვედრის შემდეგ  რიონის ხეობის მოსახლეობა ამბობს, რომ  მოლაპარაკების მაგიდასთან ხელისუფლებას რიტორიკა შეცვლილი  ჰქონდა და ისინი მოსმენის რეჟიმზე იყვნენ გადასულები.

მთლიანობაში, ეს არის დადებითი პროცესი, დემოკრატიული ღირებულებების აღიარება, რომ შენ, ხელსუფლება, შენს მოსახლეობას არ უნდა ელაპარაკებოდა ხელის გადაგრეხვის, რეპრესიის, მარგინალიზების ენით. ჩვენ ეს კითხვა პირდაპირ დავუსვით პრემიერის რწმუნებულს, თუ დიალოგმა მიგვიყვანა იმ რეალობამდე, რომ ჰესი არ უნდა აშენდეს, გაქვთ თქვენ ძალა და ნება, რომ ხელშეკრულება გაუქმდეს? და ჩვენ მათგან მივიღეთ ცალსახა პასუხი, ოღონდ ჰიპოთეტური, რა თქმა უნდა. ჩვენ გვესმის საზოგადოების მღელვარება, რომ ამით ხომ არ ცდილობს ხელისუფლება დროის გაწელვას, ყურადღების გადატანას, მუხტის განელებას, - ამბობს რიონის ერთ-ერთი მცველი.

ხელისუფლებისა და რიონის მცველების გუშინდელ შეხვედრაზე მთავრობის წარმომადგენლებს ჰესის აშენების საკითხზე ჰიპოთეტური გზავნილები ჰქონდათ. პირობების შესრულებამდე გუმათში პროტესტი გაგრძელდება. რიონის ხეობის მოსახლეობა უკვე 173-ე დღეა, ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებს.
 

მსგავსი სიახლეები