სარალიძის მკვლელობის საქმე - გიორგი მენაბდემ არ იცის, რატომ დააკავეს

16.04.21 11:07
 სარალიძის მკვლელობის საქმე - გიორგი მენაბდემ არ იცის, რატომ დააკავეს

დათუნა სარალიძის მკვლელობის საქმე და ახალი ბრალდებული - მამა შიო მენაბდის შვილი, გიორგი მენაბდე, ზაჰესის იზოლატორში ბრალის წარდგენას ელოდება.

ადვოკატებმა ამ დრომდე არ იციან, რა ახალი გარემოებების საფუძველზე გახდა საჭირო მენაბდის დაკავება. 

მისი დაკავება მოხდა ქუჩაში, წარმოდგენა არ გვაქვს, რის საფუძველზე დააკავეს გიორგი მენაბდე. ჩვენთვის არანაირი დოკუმენტი არ გადმოუციათ- აღნიშნავს ადვოკატი, დავით დადიანი. 

მისი თქმით, მენაბდე დაჭრილი რომ იყო, ამას არავინ მალავდა. 

დამალვით არავინ მალავდა, დაუდგენელი იყო პირი, ვინც მიაყენა მსუბუქი დაზიანება, თუმცა სახიფათო - აღნიშნავს ადვოკატი. 

დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 3 წლის შემდეგ კიდევ ერთი პირი, გიორგი მენაბდე, დააკავეს. აღსანიშნავია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ სისხლიან გარჩევაში მენაბდის გვარმა თავიდან არაერთხელ გაიჟღერა. ითქვა ისიც, რომ სასულიერო პირის შვილი გარჩევის დროს ზურგის არეში დაიჭრა, თუმცა, მაშინ არც ერთი ოფიციალური უწყება ამ ფაქტს არ ადასტურებდა.  

დეკანოზ შიო მენაბდის შვილს ბრალად ედება არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობა. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.