"Pfizzer"-ით აცრილ პაციენტს კოვიდ 19 დაუდასტურდა

16.04.21 11:48
"Pfizzer"-ით აცრილ პაციენტს კოვიდ 19 დაუდასტურდა

ინფიცირება ვაქცინაციის შემდეგ - 70 წლის ქალს ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა. მოქალაქე “Pfizzer”-ის  ვაქცინით ორი კვირის წინ აიცრა, ბოლო დღეებში  თავი შეუძლოდ იგრძნო, სწრაფი ტესტის ჩატარების შემდეგ კი მისი ტესტი კოვიდზე დადებითი აღმოჩნდა. 

ამ დროისათის პაციენტი ქუთაისის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული. ის თავს კარგად გრძნობს. 

სპეციალისტების თქმით,  ვირუსისგან ადამიანს არც ერთი ვაქცინა არ იცავს. ვაქცინაცია მხოლოდ ავადმყოფობის მიმდინარეობას ამსუბუქებს. "Pfizzer"-ის  შემთხვევაში მისი კლინიკური პრევენცია 95 %-ია , ხოლო ვირუსის  მძიმე მიმდინარეობისგან ადამიანს 90%-ით იცავს. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ ამ დროისათვის საქართველოში ვაქცინის ორი დოზა არც ერთ ადამიანს გაკეთებული არ აქვს. აქედან გამომდინარე, ინფიცირების რისკები ჯერ ისევ რჩება. ამირან გამყრელიძის თქმით, ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემთხვევაში დაავადება შედარებით მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს. 

ჯერ საქართველოში ორჯერ არავის ჩაუტარებია ვაქცინაცია. ერთხელ ვინც ჩაიტარა, გვაქვს ეგეთი შემთხვევები. მე თვითონ ვიცი 5-6 ეგეთი შემთხვევა, მაგრამ ყველა ასეთი ადამიანი, ვინც პირველი ვაქცინაციის შემდეგ დაინფიცირდა, რაც მე ინფორმაცია მაქვს, შედარებით იოლ ფორმებში მოხდა დაავადების განვითარება. რეკომენდაცია გახლავთ, რომ ის მეორედ უნდა აიცრას. ჩვენი რეგულაციის მიხედვით, ინფიცირების დაწყებიდან, ანუ დადასტურებიდან, 120 დღის შემდეგ მეორე ინექცია შეუძლია, გაიკეთოს - ამბობს ამირან გამყრელიძე. 

უკვე ერთი კვირაა, ქვეყანა კოვიდ 19-ის მესამე ტალღას ებრძვის. კოვიდსტატისტიკა ყოველდღიურად იზრდება. ბოლო 24 საათში ვირუსით 1077 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 8 ადამიანი. 

მსგავსი სიახლეები