"მოვედი ყველა ჩემი კოლეგის გამო" - ნანუკა ქაჯაია საგამოძიებო სამსახურში იმყოფება

25.06.22 15:04
 "მოვედი ყველა ჩემი კოლეგის გამო" - ნანუკა ქაჯაია საგამოძიებო სამსახურში იმყოფება

ტვ პირველის რეპორტიორი, რომელზეც გუშინ თავდასხმა განხორციელდა, საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს. ნანუკა ქაჯაია ამ წუთებში მომხდართან დაკავშირებით გამომძიებლის კითხვებს პასუხობს. 

პოლიციას ერთ-ერთი თავდამსხმელი იდენტიფიცირებული ჰყავს, თუმცა 37 წლის ივანე დიდიძე ამ დრომდე დაკავებული არ არის. 

პირველ რიგში აქ მოვედი ჩემი ოპერატორის პაპუნა ხაჩიძის გამო, რომელთან ერთადაც ყველაზე ხშირად დავდივარ გადაღებაზე. პაპუნა ხაჩიძე არის ის ოპერატორი, რომელსაც ორი წლის წინ მშვიდობიანი აქციის დროს დაუზიანდა თვალი და პაპუნას არ ააქვს მოლოდინი, რომ რაიმე შეიცვლება გუშინ დაწყებული გამოძიების შემდეგ, ამიტომ არ სურს, რომ საგამოძიებო უწყებას მისცეს ჩვენება. მოვედი ყველა ჩემი კოლეგის გამო, იმიტომ, რომ ვფიქრობ, რომ როდესაც რეპორტიორებს ადამიანები, სავარაუდო მოძალადეები ქუჩაში დაინახავენ, არ უნდა იძალადონ. ერთი პირი უკვე იდენტიფიცირებულია, მეორე პირის ინდეტიფიცირება ჩვენმა კამერამ ვერ მოახერხა, ვერ მოასწრო ოპერატორმა კამერმა რომ ჩაერთო. ეს იყო ის ადამიანი, რომელმაც სცადა, რომ წაეგლიჯა მიკროფონი ჩემთვის და იმედი მაქვს, რომ დაადგენენ ვინ არის ეს ადამიანი, - თქვა ჟურნალისტმა გამოკითხვაზე შესვლამდე. 

ტვ პირველის ჟურნალისტს, ნანუკა ქაჯაიას და ოპერატორს პაპუნა ხაჩიძეს თავს უცნობი პირები დაესხნენ, აგინეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევა 24 ივნისს  დოლიძის ქუჩაზე მოხდა.

ირკვევა, რომ მოძალადეები ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს მხოლოდ იმიტომ დაესხნენ, რომ მათ ხელში ტვ პირველის მიკროფონი დაუნახეს.