მოვითხოვთ, დაიცვას სამივე ღონისძიება - "თბილისი პრაიდი" შსს-ს უსაფრთხოების გარანტიებს სთხოვს
თბილისი პრაიდი პოლიციას უსაფრთხოების გარანტიებს სთხოვს. რადიკალური დაჯგუფებები აქტივისტებს საჯაროდ ემუქრებიან.
"არსებობს ხუთი ივლისის გამეორების საფრთხე" - თქვეს რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინზე პრაიდის ოფისში.
პოლიციის გარდა მიმართვის ადრესატია საქართველოს მთავრობა.
"შსს-სთან შეხვედრები მიმდინარეობს საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და სახალხო დამცველის ოფისის მონაწილეობით. ხაზგასმით გვინდა ვთქვათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გვაძლევს სამივე ღონისძიების დაცვის გარანტიებს და როგორც მათ მიერ გაჟღერდა, ამ საკითხთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში თავადაც გააკეთებენ განცხადებას. ასევე, მუქარისა და ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდების ფაქტებზე დაწყებულია გამოძიება". - აცხადებს თბილისი პრაიდი.
თუმცა, მათ აღელვებთ და აშინებთ ის, რომ მაღალი თანამდებობის პირები ბოლო დღეებში აქტიურად აკეთებენ თბილისი პრაიდისა და ლგბტქ თემის დამაზიანებელ, მადისკრედიტირებელ, ძალადობის წამახალისებელი განცხადებებს.
"კერძოდ, ირაკლი ღარიბაშვილი ბრალს გვდებს ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში და ხელოვნურად ცდილობს ჩვენს დაკავშირებას პოლიტიკური პარტიების საქმიანობასთან. ხოლო ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ ვერ ხედავს 5 ივლისის ორგანიზებაში ალტ ინფოს ლიდერების ბრალს, რითიც ქმნის დაუსჯელობის სინდრომს და სტიმულს აძლევს წლევანდელ იდენტურ მუქარებს.
მოვითხოვთ:
- • მთავრობამ საჯაროდ და მკაფიოდ განაცხადოს, რომ დაიცავს თბილისი პრაიდის კვირეულის სამივე ღონისძიებას და მისი თითოეული მონაწილის უსაფრთხოებას.
- • ასევე, უზრუნველყოს საჯაროდ წესრიგის დაცვა, ღონისძიების მიმდებარე ტერიტორიებსა და მთელ ქალაქში.
- • მოვითხოვთ, დასაჯოს 5 ივლისის ორგანიზატორები, რომლებიც წელსაც ღიად აგრძელებენ ძალადობრივ საქმიანობას და საფრთხეს უქმნიან ქვეყნის ევროპულ მომავალს". - აცხადებს ორგანიზაცია.