წყალში გადაყრილი მილიონები - გლდანის სტადიონის ნაწილი წვიმების შედეგად ჩავარდა
გლდანის სტადიონზე უკვე კვირაზე მეტია, თამაშები და ვარჯიშები შეჩერებულია- რამდენიმე დღიანი წვიმის შედეგად მოედნის მწვანე საფარის ნაწილი ჩავარდა და იქ გადადგილება საფრთხის შემცველია.
გლდანის საფეხბურთო სტადიონის რებილიტაცია კახი კალაძემ 2020 წლიდან რამდენჯერმე დაიწყო. პროექტში მილიონები დაიხარჯა, თუმცა რამდენად ხარისხიანად შესრულდა სამუშაოები, როგორც ჩანს, წინასაარჩევნოდ, ნაჩქარევად გახსნილ საფეხბურთო სტადიონზე, არავინ შეამოწმა.
გლდანის სტადიონზე წვრთნას მოყვარულთა და ქალთა გუნდები გადიან. ისინი იძულებული გახდნენ, სტადიონის იმ ნაწილზე ივარჯიშონ, რომელიც ჯერ ჩავარდნილი არ არის და იქ გადაადგილება ამ ეტაპზე უსაფრთხოა.
უნდა ყოფილიყო უეფას სტანდარტების სტადიონი. 2021 წლის არჩევნებისთვის, როცა კალაძემ და კობიაშვილმა ნახეს, არჩევნებს პირწმინდად აგებდნენ გლდანში, დაჩქარებული წესით, 24 ოქტომბერს, სტადიონი გახსნეს. ეს არის იმის ნათელი მაგალითი, როგორ არ უნდა გააკეთო საქმე.
როცა იმისკენ ხარ მომართული, რაღაც დივიდენდები, ხმები მოიგო და არა იმისთვის, რომ მომავალ თაობას მოედანი წლების მანძილზე დარჩეს, ასეთ დროს საქმე ყოველთვის უხარისხოდ კეთდება.- ამბობს თბილისის საკრებულოს წევრი, ირაკლი ეძგვერაძე.
თბილისის მერი პასუხისმგებლობას თავიდან იხსნის და აცხადებს, რომ ეს იყო უეფას გრანტი. პროექტი კი ფეხბურთის ფედერაციას გადაეცა განსახორციელებლად.
ძაან განიცდით იმას, რომ ფეხბურთელები ვერ ვარჯიშობენ? ჩვენ გადავეცით მიწის ნაკვეთი ფეხბურთის ფედერაციას და მან ეს პროექტი განახორციელა ეუფას გრანტით. ნაჩუქარი ფული იყო ეს.
თუ მინდორმა ჩაიწია, ცხადია, უხარისხოდ არის გაკეთებული. ზოგადად, ეს პრობლემას წარმოადგენს სამშენებლო მიმართულებით, მაგრამ არაფერ შუაში ვართ.
ჩვენ გარკვეული ხარვეზები გვაქვს ქვეყანაში, ამიტომ ამ სფეროს განვითარება, უფრო მეტი პროფესიონალიზმი, სჭირდება - აცხადებს თბილისის მერი.