ძალადობა 68 წლის მოხუცზე - კახეთში მომხდარ საზარელ ფაქტზე 2 პირს პატიმრობა შეეფარდა

29.06.22 12:18
ძალადობა 68 წლის მოხუცზე  - კახეთში მომხდარ საზარელ ფაქტზე 2 პირს პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს პროკურატურამ ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის დაზიანების, ძარცვის, გამოძალვის,  დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ 24 ივნისს, ყვარლის რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყეში, ძალადობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ე.ჯ.-მ და არასრულწლოვანმა მ.რ.-მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს 68 წლის დაზარალებულს, რა დროსაც გასტაცეს თანხა. ასევე ბრალდებულები აიძულებდნენ დაზარალებულს მისი პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით კონკრეტული ქმედებების განხორციელებას და მათ მიერ განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი მობილური ტელეფონით გადაიღეს. შემდეგ კი გადაღებული მასალის გავრცელების მუქარით რამდენიმე დღის ვადაში მათთვის კონკრეტული თანხის გადაცემა მოსთხოვეს", - წერია პროკურატურის განცხადებაში. 

შემზარავი დანაშუალი კახეთში თანხის გამოძალვის მოტივით გუშინ მოხდა. 68 წლის კაცი თანასოფლელებმა  ტყეში  ძალის გამოყენებით შეიყვანეს, სცემეს, დააჩოქეს და უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს. შემდეგ კი ბრალდბულემა მსხვერპლს  დამამცირებელი მოპყრობის ამსახველი ვიდეო კადრები  გადაუღეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად), 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "დ" მუხლებით (ძარცვა, ჩადენილი ძალადობით, ჯგუფის მიერ), 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (გამოძალვა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად) და 144 მესამე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ე" და "ვ"  ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 

მსგავსი სიახლეები