"დაეკისროთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა" - მედიის ადვოკატირების კოალიცია მოძალადე დეპუტატების დასჯას ითხოვს

01.07.22 16:35
"დაეკისროთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა" - მედიის ადვოკატირების კოალიცია მოძალადე დეპუტატების დასჯას ითხოვს

30 ივნისს აშშ-ს საელჩოში ტვ პირველის მფლობელზე განხორციელებულ ძალადობასთან  დაკავშირებით მედიის ადვოკატირების კოალიცია განცხადებას ავრცელებს და თავდასხმაში მონაწილე "ოცნების" დეპუტატების პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ითხოვს. 

კოალიცია შეშფოთებას ასევე, ხელისუფლების წევრების იმ შეფასებების გამო გამოთქვამს, რომლებიც ძალადობას ახალისებენ. 

მედიის ადვოკატირების კოალიცია შეშფოთებულია მმართველი პარტიის დეპუტატების მხრიდან ჩადენილი ძალადობის ფაქტით.
გუშინ, 2022 წლის 30 ივნისს კრიტიკული მაუწყებლის “ტელეკომპანია პირველის” დირექტორს ვატო წერეთელს ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე თავს დაესხნენ „ქართული ოცნების” დეპუტატები. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა „ქართული ოცნების" დეპუტატების მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორება უკვე დაადასტურა.
მედიის ადვოკატირების კოალიცია შეშფოთებულია მმართველი პარტიის დეპუტატების მხრიდან ჩადენილი ძალადობის ფაქტით, ასევე ძალადობრივი ქმედებების შემდეგი შეფასებებით, რომელიც კიდევ უფრო აუარესებს მედიაგარემოს და საშიშს ხდის ქვეყანაში ჟურნალისტურ საქმიანობას.
კოალიცია მოუწოდებს მმართველ პარტიას დაუყოვნებლივ დააკისროს პოლიტიკური პასუხისმგებლობა მათ წევრებს და გააკეთოს სათანადო განცხადებები მედიის წამომადგენლებზე გახშირებული თავდასხმების შესაჩერებლად,
- ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ 30 ივნისს აშშ-ს საელჩოში ,,ტვ პირველის" მფლობელზე ჯგუფური თავდასხმა მოხდა. ვატო წერეთელს ფიზიკურად "ქართული ოცნების" დეპუტატები, ანრი ოხანაშვილი და ლევან მგალობლიშვილი გაუსწორდნენ.

ვატო წერეთელი აშშ-ს საელჩოს ვიდეოკამერების ჩანაწერების გასაჯაროვებას სთხოვს.