ვენდეტა ე.წ. ქურდული წესებით - მარნეულში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები
ვენდეტა მარნეულის ცენტრში - უამრავი თვითმხილველის წინ, გუშინ ჩაცხრილული კაცი, 45 წლის ვიალაიათ ორუჯოვია.
"პირველების" ინფორმაციით, შეიარაღებული თავდასხმა იმ დროს მოხვდა, როდესაც მსხვერპლი სარიტუალო დარბაზთან საკუთარი ავტომობილით მივიდა და რესტორნის ტერიტორიაზე შესვლას აპირებდა, მას 7 ტყვია ესროლეს.
ცნობილია, რომ თავდამსხმელს გაქცევის დროს "მაკაროვის" ტიპის იარაღი საქორწინო დარბაზის ეზოში დაუვარდა.
არსებული ინფორმაციით, იარაღს ატარებდა მოკლული მამაკაციც. ორუჯოვი თავდამსხმელისთვის საპასუხო ცეცხლის გახსნას გეგმავდა, თუმცა დამნაშავე გასროლიდან მალევე ავტომობილით შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.
ერთ-ერთი ვერსიით, სისხლიანი გარჩევის მოტივი წლების წინ დაწყებული კონფლიქტია. მოკლული ორუჯოვი 2008 წელს მკვლელობისთვის გაასამართლეს, 14 წლის შემდეგ კი მასზე შური იძიეს.
"პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სისხლის აღება კი ე.წ. კრიმინალური სამყაროს წესებს უკავშირდება. ადილობრივები პირად საუბრებში ყვებიან, რომ თავდამსხმელიც და მსხვერპლიც ე.წ. კანონიერი ქურდების საძმოში იყვნენ.
მარნეულში ყველამ იცის თუ ვინ არის გაქცეული თავდამსხმელი და რა მოხდა, თუმცა საუბარს ხმამაღლა ვერავინ ბედავს.