ძალადობა ჟურნალისტებზე და დაუსჯელი რადიკალები - 5 ივლისის სისხლიანი მოვლენებიდან ერთი წელი გავიდა

05.07.22 11:16
ძალადობა ჟურნალისტებზე და დაუსჯელი რადიკალები - 5 ივლისის სისხლიანი მოვლენებიდან ერთი წელი გავიდა

სადამსჯელო ოპერაცია ჟურნალისტების წინააღმდეგ და  დაუსჯელი მოძალადეები - 5 ივლისის სისხლიანი მოვლენებიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა. ამ დღეს რუსთაველის გამზირი ერთ დიდ საბრძოლო ველს წარმოადგენდა, სადაც რადიკალური დაჯგუფებები ჟურნალისტებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. 

ამის მიუხედავად,  ხელისუფლება ისევ პრორუსი რადიკალების სამსახურშია. მასობრივი არეულობის ორგანიზტორების დასჯას "ქართული ოცნება" ვერ ბედავს, რადგან სწორედ ისინი წარმოდგენენ ხელისუფლების საყრდენს. 

აღნიშნული  ფაქტი "ტვ პირველმა " არაერთხელ დადაასტურა. გასაჯაროვებული  აუდიო ჩანაწერებით და მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 5 ივლისს, როდესაც რუსთაველის გამზირზე 53 ჟურნალისტი სასტიკად სცემეს, ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა კი გარდაიცვალა, მოძალადეები  დავალებას სწორედ სუსიდან იღებდნენ.

ათობით ჩვენების, ვიდეოკადრის და არაერთი პირდაპირი  მტკიცებეულებების მიუხედავად,  "ქართულ ოცნებას" არც უკანონო დავალების გამცემი მაღალჩნოსნები დაუკავებია და დანაშაულის ჩამდენი  რადიკალებიც ამ დრომდე ხელშეუხებლობის გარანტიით სარგებლობენ. 

ძალადობის მსხვერპლი ჟურნალისტები ამბობენ, რომ ერთი წლის შემდეგაც მათ ისევ უსამართლობის განცდა აქვთ.

ზუსტად ერთი წლის წინ, 5 ივლისს მე და ჩემი მეგობარი, ჩემი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა აღმოვჩნდით იმ საცხოვრებელ კორპუსში, სადაც მიგვიმწყვდიეს და იძალადეს ჩვენზე მხოლოდ იმიტომ, რომ ვასრულებდით პროფესიულ მოვალეობას. ერთი წლის თავზე რა შეიცვალა? შეიცვალა ის, რომ მხოლოდ 20-მდე ადამიანია დაკავებული. ის ადამიანებიც მხოლოდ იმიტომ, რომ გაგვიმართლა ჩვენ, ჟურნალისტებს და მოვასწარით მათი გადაღება იქამდე, სანამ ფიზიკურად გაგვისწორდებოდნენ. ერთი წლის თავზე ჩვენ გვაქვს უსამართლობის განცდა ისევ. დასაკავებლები არიან ძალადობის ორგანიზატორები, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებდნენ იქ შეკრებილ ადამიანებს, რომ უნდა ეძალადათ, - ამბობს ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია. 

"მთავარი არხის" ჟურნალისტი, დეა მამისეიშვილი, პირდაპირ ამბობს, რომ 5 ივლისის თავდასხმების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ძალადობა შერჩათ, რამაც ისინი კიდევ უფრო წაახალისა. 

ეს იყო გამოცხადებული თავდასხმების ქრონიკა. სისხლისღვრა მოგვიწყვეს პირდაპირი მნიშვნელობით რუსთაველის გამზირზე. 52 დასისხლიანებული ჟურნალისტი და 1 გარდაცვლილი ლექსო. ეს არ შეიძლება, იყოს სტატისტიკა. ხელისუფლებამ უნდა აგოს ამ ყველაფერზე პასუხი, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშნელოვანი ერთი წლის თავზე არის ის, რომ 5 ივლისი შერჩათ. ამის შემდეგ ისინი არ გაჩერებულან, ისევ გააგრძელეს თავდასხმები. ეს იმიტომ, რომ მათ პასუხი არ აგეს, - ამბობს  მამისეიშვილი. 

 5 ივლისის საქმის ნაწილი სტრასბურგის სასამართლოშია გაგზავნილი.