"გამოიძიე" - მედიაექსპერტები 5 ივლისის მოძალადეების დასჯას ითხოვენ

05.07.22 15:11
"გამოიძიე" -  მედიაექსპერტები 5 ივლისის მოძალადეების დასჯას ითხოვენ

ერთი წელი 5 ივლისის სისხლიანი მოვლენებიდან - ჟურნალისტებზე ძალადობას და პროკურატურის დუმილს სამოქალაქო საზოგადოება აპროტესტებს.  შოთაძის უწყებასთან ამ წუთებში "კოლიაცია მედია ადვოკატირების" წევრები საგანგებო ბრიფინგს მართავენ და მოძალადეების დასჯას ითხოვენ.

მედიადამცველები ამბობენ, რომ საქართველოში ჟურნალისტების მუშაობა  უსაფრთხო არ არის,  უკვე მომხდარ ძალადობის ფაქტებს კი პროკურატურა მიზანმიმართულად არ იძიებს.

მედიაექსპერტებს  კითხვები "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებითაც აქვთ. 

მედიის ადვოკატირების კოალიცია დღეს პარტნიორებთან ერთად შეახსენებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მას აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გაუმჯობესდეს მედიაგარემო ქვეყაანაში. მინდა გავიხსენოთ ლექსო ლაშქარავა, რომლის გარდაცვალების და შემდგომ უკვე გამოძიება მასთან დაკავშირებული საქმეების არის მნიშვნელოვანი ხარვეზებით სავსე, ამიტომაც ვფიქრობთ, რომ სწრაფი და ეფექტურ გამოძიება კვლავაც არის დღის წესრიგში, - ამბობს ნათია კაპანაძე. 

ადგილზე იმყოფება "ტვ პირველის" დამფუძნებელი ვატო წერეთელიც, რომელიც მედიაზე ზეწოლის მსხვერპლი თავადაც გახდა. 

5 ივლისის სისხლიანი მოვლენებიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა. ამ დღეს რადიკალურმა დაჯგუფებებმა დედაქალაქის ცენტრში ჟურნალისტებზე უმოწყალოდ იძალადეს.  

გასაჯაროვებული  აუდიოჩანაწერებით და მტკიცებულებებით  ტვ პირველმა არა ერთხელ დაადასტურა, რომ მოძალადეები  დავალებას სწორედ სუსიდან იღებდნენ.

ამის მიუხედავად, სისხლიანი მოვლენებიდან 1 წლის თავზეც "ქართულ ოცნებას" არც უკანონო დავალების გამცემი მაღალჩნოსნები დაუკავებია და დანაშაულის ჩამდენი  რადიკალებიც ამ დრომდე ხელშეუხებლობის გარანტიით სარგებლობენ. 

მსგავსი სიახლეები