ყალბი კოვიდ-პასპორტი 300 ლარად - დაკავებულია მედდა

05.07.22 15:16
ყალბი კოვიდ-პასპორტი 300 ლარად - დაკავებულია მედდა

დააკავეს მედდა, რომელიც 300 ლარამდე თანხის სანაცვლოდ მოქალაქეებს ვაქცინირებულ პირებად არეგისტრირებდა - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების განცხადებით, ის მოქალაქეებს კლინიკაში მიუსვლელად აფიქსირებდა  იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ მოდულში როგორც ვაქცინირებულ პირებს, რის სანაცვლოდაც თანხას იღებდა.

სამეგრელოს რეგიონში დაკავებულ იქნა სამედიცინო დაწესებულების მედდა, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, დაინტერესებულ მოქალაქეებს, კლინიკაში მიუსვლელად აფიქსირებდა იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ მოდულში როგორც ვაქცინირებულ პირს, რის სანაცვლოდაც, პირადი სარგებლის სახით, იღებდა მათგან გარკვეულ თანხას.

დანაშაულში უკვე მხილებულია თხუთმეტი მოქალაქე, რომლებიც თავის მხრივ, ხსენებული ბრალდებულისათვის თანხის - 300 ლარამდე გადახდის სანაცვლოდ, დარღვევით დარეგისტრირდნენ როგორც ვაქცინირებული პირები.

წინასწარი მონაცემებით, აღნიშნული დანაშაულებრივი გზით, იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ მოდულში დარეგისტრირებულია დამატებით ათეულობით პირი, რომელთა დადგენა-მხილების მიზნითაც ტარდება შესაბამისი ღონისძიებები", - წერია განცხადებაში. 

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ 220-ე და 221-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.