"უნდა დავამარცხოთ ბოროტება" - ვატო წერეთელი 5 ივლისის მოვლენებზე

05.07.22 15:33
"უნდა დავამარცხოთ ბოროტება" - ვატო წერეთელი 5 ივლისის მოვლენებზე

,,ტვ პირველის" დამფუძნებელი, ვატო წერეთელი, ამბობს, რომ მედიაზე  სახელისუფლებო შტურმის ორგანოზატორები და მონაწილეები ამ დრომდე დაუსჯელები არიან. მედიამენეჯერი უკვე 1 წელია, ტვ პირველის გარაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას, საქმეზე ობიექტური გამოძიების ჩატარებას ითხოვს. 

ჩემი აზრით, უმძიმესი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. 5 ივლისს მოხდა შტურმი მედიაზე, ადამიანებზე, რასაც შეეწირა ლექსო ლაშქარავა. არც შემკვეთები არიან დასჯილი, არც ორგანიზატორები.

იმ ქვეყანაში, სადაც ტელევიზიის დირექტორებს ან იჭერენ, ან საელჩოს ტერიტორიაზე სცემენ, ჩემი აზრით, მომავალი არ ექნება. ბოროტება მართავს ქვეყანას, ძალადობა მართავს, ამიტომ ჩვენ უნდა შევძლოთ ამ ბოროტების დამარცხება, - თქვა წერეთელმა. 

5 ივლისის სისხლიანი მოვლენებიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა. ამ დღეს რადიკალურმა დაჯგუფებებმა დედაქალაქის ცენტრში ჟურნალისტებზე უმოწყალოდ იძალადეს.  

გასაჯაროვებული  აუდიოჩანაწერებით და მტკიცებულებებით  ,,ტვ პირველმა' არა ერთხელ დაადასტურა, რომ მოძალადეები  დავალებას სწორედ სუსიდან იღებდნენ.

ამის მიუხედავად, სისხლიანი მოვლენებიდან 1 წლის თავზეც "ქართულ ოცნებას" არც უკანონო დავალების გამცემი მაღალჩინოსნები დაუკავებია და დანაშაულის ჩამდენი  რადიკალებიც ამ დრომდე ხელშეუხებლობის გარანტიით სარგებლობენ.