სასამართლო რეფორმებმა არ გაამართლა - არასამთავრობო სექტორი

07.07.22 14:21
სასამართლო რეფორმებმა არ გაამართლა - არასამთავრობო სექტორი

ჩაკეტილი სასამართლო სისტემა ქვეყანაში - არასამთავრობო სექტორის განმარტებით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი, რომელიც მოსამართლეებისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებას ითვალისწინებს, ქვეყნისთვის უკან გადადგული ნაბიჯია და ევროინტეგრაციას გზაზე მნიშვნელოვნად დაგვაზიანებს.

,,სოციალური სამართლიანობის ცენტრის"  პროგრამების დირექტორი, გურამ იმნაძე, რომელმაც მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით არაერთი კვლევა ჩაატარა, პირდაპირ ამბობს, რომ დისციპლინური სამართალწარმოებისა და საქმის ელექტრონული განაწილების რეფორმებმა არ გაამართლა და კლანური მმართველობა მართლმსაჯულების პრობლემად რჩება.

დისციპლინური სამართალწარმოება მოსამართლეეების მიმართ და საქმის ელექტრონული განაწილების სისტემა - ორივე რეფორმა თავის დროზე იმისთვის განხორციელდა, რომ მოსამართლეებს ჰქონოდათ უფრო მეტი დამოუკიდებლობა და მათ პროფესიონალურ საქმიანობაში ნაკლებად ჩარევის ბერკეტი ყოფილიყო. 

სამწუხაროდ, ჩვენი კვლევები აჩვენებს, რომ არც ერთი ეს რეფორმები ბოლომდე  ეფექტიანად არ მუშაობს. მაგალითად, საქმის ელექტრონული განაწილების სისტემაში ბევრი პრობლემა არსებობს. სასამართლოს თავმჯდომარეებს, ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს აქვთ ბერკეტი, გავლენა მოახდინონ საქმეების განაწილებაზე- აცხადებს  გურამ იმნაძე.