თბილისის საქალაქო სასამართლოში კარტოგრაფების საქმის განხილვა განახლდა
6 თვიანი პაუზის შემდეგ კარტოგრაფების საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში განახლდა. პროცესზე ბრალდების მხარე ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის ყოფილ თანამშრომლებს კითხავენ. პროკურატურას სულ 126 მოწმე ჰყავს დასაკითხი, დღეს კი მერვე მოწმის დაკითხვა მიმდინარეობს. ეს არის აზერბაიჯანში იმ დროინდელი საქართველოს ელჩის წარმომადგენელი, გელა დუმბაძე.
პროცესზე გელა დუმბაძემ განაცხადა, რომ თუ საქმეში ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, პასუხისმგებლობა თანაბრად უნდა გადანაწილდეს არა მარტო ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვაზე, არამედ მათ უშუალო ხელმძღვანელობაზეც.
მელაშვილისა და ილიჩოვას ადვოკატების ინფორმაციით, პროკურატურას პროცესზე დასაკითხი მოწმეები მათთან შეუთანხმებლად მიჰყავს, რაც უფლებადამცველებს საქმიანობის სრულად წარმართვის საშუალებას არ აძლევს.
დღეს ვინ იკითხება და ხვალ-ვინ, ამის შესახებ ადვოკატებს ინფორმაციას არ გვაძლევენ, რადგან ასე გადაწყვიტა ბრალდებამ. ეს ტაქტიკა აირჩიეს და მიაჩნიათ, რომ უფრო გაიმარტივებენ თავიანთი პოზიციის გამყარებას. ჩემი აზრით, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ საქმე არის სუსტი და აბსურდული. - აცხადებს ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი.
პროკურატურა დაცვის ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მოწმეთა შესახებ ინფორმაცია დაფარული არ არის.
ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას გამოძიება საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში ადანაშაულებს. პროკურატურას მათ ბრალს დებს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის სადემარკაციო რუკები კარტოგრაფებმა ჩვენი ქვეყნის საზიანოდ შეადგინეს.