ერთი წლის წინ მეც მოვკვდი, ცოცხალი ლეში ვარ - ლექსო ლაშქარავას დედა

11.07.22 13:34
ერთი წლის წინ მეც მოვკვდი, ცოცხალი ლეში ვარ - ლექსო ლაშქარავას დედა

ტვ პირველის გარდაცვლკილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას დედა ერთი წლის წინ განვითარებულ მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ 11 ივლისს, შვილთან ერთად თავადაც მოკვდა. 

ჩემთვის , შვილო, სიკვდილი იყო ეს. მე იმ  წუთში მოვკვდი. მე ცოცხალი ლეში ვარ. მეც მკვდარი ვარ. რას ჰქვია, ვნახე ჩემი შვილი, შევედი 7-ის ნახევარზე და მკვდარი ლოგინში. ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც იყო თავის საქმეზე შეყვარებული, შეეწირა ამ საქმეს, - ამბობს თინათინ კახიძე.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან დღეს ერთი წელი გავიდა. "ტვ პირველის" ოპერატორს და ჟურნალისტს რადიკალები თავს 5 ივლისს, "სირცხვილიას" ოფისში დაესხნენ. გადამღები ჯგუფი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ 50-მდე რადიკალი სასტიკად გაუსწორდა. მოძალადეებმა ლექსო ლაშქარავას სახის ძვლები ჩაუმტვრიეს. მას ასევე, მრავლობით დაჟეჟილობები და ტვინის შერყევა აღენიშნებოდა.

ლექსო ლაშქარავაზე ძალადობაში ბრალდებულებს ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ "ქართული ოცნების" ხელისუფლება  ულტრამემარჯვენე აქციის ორგანიზატორებს დღემდე მფარველობს. 

"ტვ პირველის" ოპერატორი "იუნესკომ" მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა.