ციხეში გარდაცვლილი პატიმარი - სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო
რა გახდა პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალების მიზეზი - ეს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა დადგინოს.
ოფიციალური განცხადებიდან დგინდება, რომ სამსახურმა 11 ივლისს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო.
„გამოძიების დაწყების საფუძველი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელ ხაზზე, პენიტენციური სამსახურიდან შემოსული შეტყობინება გახდა, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის 11 ივლისს, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულმა პატიმარმა, დაახლოებით 03:10 საათზე, სუიციდი განახორციელა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას“, - ნათქვამია განცხადებაში.