კლინიკებში ფინანსური კრიზისი დაიწყო - საავადმყოფოები დახურვის პირასაა

11.07.22 20:22
კლინიკებში ფინანსური კრიზისი დაიწყო - საავადმყოფოები დახურვის პირასაა

დახურვის ზღვარზე მყოფი საავამყოფოები და მომსახურეობის გარეშე დარჩენილი პაციენტები - შესაძლოა, მალე კლინიკების დიდმა ნაწილმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე უარი თქვას. რაც იმას ნიშნავს, რომ პაციენტებს, რომლებსაც ფორმალურად სახელმწიფო აზღვევს, თავად კლინიკებმა უთხრან უარი ჯანდაცვის სერვისებზე. ამის მიზეზი კი ის ტარიფებია, რომლებიც 9 წელია, არ შეცვლილა. 

ინფლაცია საქართველოში ყველა სფეროს შეეხო, მათ შორის, მედიცინასაც, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო საავადმყოფოების მომსახურეობის საფასურს ისევ 2013 წელს დადგენილი ნორმებით იხდის. ამ ტარიფით კი კლინიკები არა თუ მოგებაზე ვერ გადიან, არამდედ გაწეულ ხარჯებსაც ვერ ფარავენ. აქ აღარ არის საუბარი სამედიცინო პერსონალის ანაზღაურებაზე. ამიტომ ახლა საავადმყოფოები იძულებული არიან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე საერთოდ უარი თქვან.

ჯერ კიდევ ეკა ტიკარაძის დროს მიღებული 520-ე დადგენილებით ფასები სარეანიმაციო რამდენიმე მომსახურებაზე ყველა კლინიკისთვის ერთია. რაც უკვე წლებია, დიდი თავის ტკივილიაა.

დიდი ფინანსური წნეხის ქვეშ მოქცეული კლინიკები კი დღეს იმდენსაც  ვერ ახერხებენ, რომ ანაზღაურება ექთნებს და სანიტრებს მაინც გაუზარდონ - რომელებსაც საათში 5 ლარს უხდიან.

იმისთვის, რომ სატარიფო გეგმა გადაიხედოს, ჯანდაცვის სამინსიტრომ დრო ივლისის ბოლომდე ითხოვა. ჯანდაცვის ასოციაცია ამ დრომდე მოლოდინის რეჟიმშია, თუმცა თამარ გაბუნია ,,პირველებთან" ინტერვიუში ამბობს რომ დიდი ალბათობით არც ამ თვის ბოლოს შეიცვლება რამე.

ვერ გეტყვით, ივლისის ბოლომდე ვადა რომელ გეგმაშია მითითებული, საკონსულტაციო პროცესი ღია გვაქვს, ის გრძელდება და ჩვენს გეგმებში ივლისი ბოლო არ არის დაფიქსირებული, რადგან კლინიკებმაც იციან, რომ ამას მეტი დრო სჭირდება- აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე,  თამარ გაბუნია.

კლინიკების კიდევ ერთი გამოწვევა ახალ სტანდარტებზე გადასვლაა. ,,დი არ ჯი" - უნივერსალური დაფინანსების სამართლიანი მოდელია, რომლის მიხედვითაც  დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს.

აღნიშნული მოდელი ევროპაში უკვე აპრობირებულია, მის დანერგვას აქაც ცდილობენ, თუმცა რომც შემოიღონ, მისთვის ფეხის აწყობა მარტივი საქმე  არ იქნება -  თუ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან კლინიკები გავლენ, გაჭირვებულ პაციენტებს ორი გზა რჩებათ: ან გადაიხადონ თავიანთი ჯიბიდან, ან ქალაქ-ქალაქ ეძებონ კლინიკა, რომელიც სახელმწიფო დაფინანსების პროგრამაში დარჩება.