ახალ პროკურორს საქართველო ოპოზიციის ხმების გარეშე ვერ აირჩევს - მიშელის დოკუმენტი

19.04.21 11:57
ახალ პროკურორს საქართველო ოპოზიციის ხმების გარეშე ვერ აირჩევს - მიშელის დოკუმენტი

ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით, ახალ პროკურორს საქართველო ოპოზიციის ხმების გარეშე ვერ აირჩევს. 

დოკუმენტის თანახმად, ოპოზიციის ხმებია საჭირო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დასამტკიცებლად. იცვლება მოსამართლეების არჩევის წესიც. 

"ტვ. პირველი" დოკუმენტის ამ ნაწილზე იურისტებს უკვე ესაუბრა: 

 თუ  სასამართლო სისტემაში დარჩებიან გვრიტიშვილი, ჩინჩალაძე, მურუსიძე, შენგელია და სხვები, დარწმუნებით გეტყვით, ამ ქვეყანაში არაფერი შეიცვლება, ისევ იქნება თვალებში ნაცრის შეყრის პოლიტიკა. როცა ისეთ მოსამართლეებზე ვსაუბრობთ, ვისი მორალური პრინციპები, კეთილსინდისიერება, პრინციპულობა ნულის ტოლია, არ მაქვს იმიდი, რომ სასამართლოში რამე შეიცვლება. - ამბობს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი, აცხადებს, რომ სასამართლო სფეროში ცვლილებები მხოლოდ ფასადური არ უნდა იყოს.

სასამართლოს სჭირდება სისტემური ცვლილებები, ახლა გამოცხადებული ცვლილებები არაფერს შეცვლის. ახლა ისეთ ცვლილებებზეა საუბარი, რაც ადრე გამოცხადებულზე ნაკლებია თავისი მნიშვნელობით. იმდენად სჭირდებოდათ პოლიტიკური ცვლილება, ამ კუთხით სასამართლო გაიწირა - აცხადებს მამუკა ახვლედიანი.

იურისტი გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტი გავლენას მოახდენს სასამართლო სისტემაზე.

 ამ დოკუმენტს ექნება არსებითი გავლენა, შეაჩეროს ის მავნე პროცესები, რაც მიმდინარეობს მართლსმსაჯულების სისტემაში, პროცესები, რომელიც ჩვენს სასამართლოს პოლიტიკური მართლსმსაჯულების იარაღად აქცევს - ამბობს გიორგი მშვენიერაძე.