უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის წევრები სამშობლოში დაბრუნდნენ

12.07.22 16:58
უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის წევრები სამშობლოში დაბრუნდნენ

უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცების ნაწილი ფრონტის ხაზიდან დროებით სამშობლოში დაბრუნდა. ავიარეისი თბილისი-ვარშავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.

ქართული ლეგიონის მეთაურები რამდენიმე თვეა სხვა ქართველ მებრძოლებთან ერთად უკრაინაში  საომარი მოქმედებების ეპიცენეტრში იმყოფებოდნენ. მათი ნაწილი სამშობლოში დროებით ოჯახების მოსანახულებლად ჩამოვიდა.

აეროპორტში ქართველ სამხედროებს ოჯახის წევრები და თანამებრძოლები დახვდნენ. 

ქართველი მებრძოლები ამბობენ, რომ უკრაინის ომში წასვლა საერთო მტრის, რუსეთის  დასამარცხებლად გადაწყვიტეს. 

საერთო მტერი გვყავს, ეს არის პირველი და ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა რუსს სად ვებრძვი, უკრაინაში იქნება ეს თუ საქართველოში და ერთი დიდი გამოცდილებაც მიიღო ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა. სულით და ხორცით ვარ ჯარისკაცი და გადავწყვიტე, ჩემს ძმებთან ერთად წავსულიყავი...
ქართულ ხელისუფლებას არაფერს ვუპასუხებდი, უბრალოდ, ქართველ ხალხს ვთხოვ, რომ ერთმანეთის სიყვარული ვისწავლოთ და ერთმანეთის გვერდში დგომა, -
ამბობს ერთ-ერთი ჯარისკაცი. 
 

ქართველ მებრძოლებს აეროპორტში ოპოზიციის წარმომადგენლებიც დახვდნენ. ენმ-ს წევრის, ნონა მამულაშვილის თქმით, მმართველი გუნდი და პრემიერი სამარცხინოდ იქცევა, როდესაც უკრაინაში მებრძოლ ჯარისკაცებს დაქირავებულ მკვლელებს უწოდებს.

ისინი პირს გვწმენდენ და მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, მაგრამ, სამაგიეროდ, ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, პირდაპირ პრემიერ-მინისტრი მათ დაქირავებულ მკვლელებს უწოდებს და ამით ხელს უხსნის რუსეთს, რომ ამ ბიწების მიმართ გამოიყენონ ადგილზე განადგურების საშუალებას  და ეს არის სამარცხვინო და ეს არის ღალატი სახელმწიფოსი და ქვეყნის. დღევანდელი ხელისუფლება აფასებს მხოლოდ და ხმოლოდ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცემულ მითითებებს და იმას ასრულებს კონკრეტულად. მათ არ სჭირდებათ საქართველოს პატრიოტები, - თქვა ნონა მამულაშვილმა. 

ამ დროისათვის უკრაინაში, ფრონტის წინა ხაზზე 1200 ქართველი ჯარისკაცი რჩება.