"არც შემკვეთები და არც შემსრულებლები დასჯილები არ არიან" - ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა

12.07.22 17:41
"არც შემკვეთები და არც შემსრულებლები დასჯილები არ არიან" - ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა

ერთი წელი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან. დღეს ,,ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას, საფლავზე მისი ახლობლები, კოლეგები, მეგობრები მივიდნენ და 5 ივლისის ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილის ხსოვნას პატივი მიაგეს.

ყველა ერთხმად თანხმდება, რომ 5 ივლისის ამბები სათანადოდ არ გამოძიებულა და არც რეალური დამნაშავეებია დასჯილი.

ერთი წელი გავიდა ლექსოს გარდაცვალებიდან. არც შემკვეთები არიან დასჯილები, არც შემსრულებლები. ყველაფერი დაიწყო ღარიბაშვილის წახალისებითა და ცნობილი განცხადებით 5 ივლისს. ხელისუფლება თვითონ არის შემკვეთიც და შემსრულებელიც, ამიტომ არ ხდება არანაირი გამოძიება, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ოჯახი სამართალს იპოვის- ამბობს ,,ტვ პირველის" დამფუძნებელი, ვატო წერეთელი.

,,ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს,  ოპერატორ ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტს, მირანდა ბაღათურიას, რადიკალები თავს 5 ივლისს იმ დროს დაესხნენ, როდესაც რეპორტიორები პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ.

ლექსო ლაშქარავას უძიმესი დაზინებები პრორუსი რადიკალების დაჯგუფებამ  მიაყენა. თავდასხმის შედეგად მოძალადეებმა მას სახის ძვლები ჩაუმტვრიეს და სხეულზე მრავლობითი დაჟეჟილობები, მოტეხილობები მიაყენეს. მომხდარიდან რამდენმე დღეში კი ლექსო საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა. 

ლექსო ლაშქარავაზე ძალადობაში ბრალდებულებს ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა ამ დრომდე თავისუფალია ყველა, ვინც ქალაქის ცენტრში მასობრივი არეულობა დააორგანიზა და  ჟურნალისტებზე ძალადობის ბრძანება გასცა.

ტვ პირველის" ოპერატორი "იუნესკომ" მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა.