დაწესებულება თავად განსაზღვრავს, უქმ დღეებში ვინ იმუშავებს და ვინ არა - საქართველოს მთავრობა

19.04.21 13:02
დაწესებულება თავად განსაზღვრავს, უქმ დღეებში ვინ იმუშავებს და ვინ არა - საქართველოს მთავრობა

საჯარო დაწესებულებები თავად განსაზღვრავენ მათ დაქვემდებარებაში მყოფ იმ სამსახურებს, თუ მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“  დადგენილება, - ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.

 მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა ოპერატიულ შტაბთან შეთანხმებით ერთობლივი ბრძანებით უნდა განსაზღვრონ ის მეწარმე სუბიექტები და საქმიანობები, რომლებზეც არ გავრცელდება „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ დადგენილება და რომელთა უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვისთვის. დადგენილება არ ვრცელდება ასევე „ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ პირებსა (გარდა იმ ანგარიშვალდებული საწარმოსი, რომელიც სხვა ნიშნით არ წარმოადგენს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ პირს) და მათ მიერ/მათ წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე. იგი არ გავრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე - აღნიშნულია საქართველოს ხელისუფლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს ხელისუფლების  დადგენილებით 2021 წლის 4 -8 მაისი და 10-11 მაისი უქმე დღეებად განისაზღვრა.