"კანონიერი ქურდების" ბანდა დაკავებულია, კრიმინალური სამყაროს ბოსები კი ბრალის წარდგენის გარეშე დატოვეს
ე.წ. კანონიერი ქურდებისთვის, მინდია გორაძისთვის (ლავასოღლი), ჯეირან კინწურაშვილისა (ხონსკი) და ზვიად პაპიაშვილისთვის ბრალი ამ დრომდე არ წაუყენებიათ. ეს მაშინ, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებაში თავად წერს, რომ სამივე პირი პირდაპირ ხაზზე იყვნენ საქართველოში გამართულ "ქურდულ გარჩევაში".
ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები კონკრეტულ ბრძანებებს გასცემდნენ და სწორედ მათთან კავშირის გამო დააკავეს 7 პირი.
ქურდული გარჩევა ოქროსა და ძვირფასი ნივთების გამო მოეწყო - შსს-მ კრიმინალური ბანდის 7 წევრი დააკავა, ორს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
მინდია გორაძის ახლო გარემოცვის წევრები პოლიციამ თბილისში, აჭარასა და რუსთავში აიყვანა.
შეიარაღებული დაჯგუფების წევრები მაშინ დააკავეს, როდესაც დიდი ოდენობით ოქროს მონეტების და ძვირფასი ნაკეთობების გამო დაწყებულ კონფლიქტს "ქურდული კანონებით" აგვარებდნენ.