გადახედეთ ტარიფებს! - კლინიკები ჯანდაცვის მინისტრს ულტიმატუმს უყენებენ

13.07.22 14:02
გადახედეთ ტარიფებს! - კლინიკები ჯანდაცვის მინისტრს ულტიმატუმს უყენებენ

დროის ათვლა დაწყებულია - 100 კლინიკის 23 ათასზე მეტი თანამშრომელი გაფიცვას აანონსებს. ჯანდაცვის სამინისტროს ვადა 20 ივლისმდე აქვს. იმ შემთხვაში, თუ კლინიკების მოთხოვნებს აზარაშვილის უწყება არ შეასრულებს,  საქართველოში შესაძლოა,  სამედიცინო მომსახურების მიღება შეუძლებელი გახდეს.

მედპერსონალი ამბობს, რომ  ყველაფერი გაძვირდა და არსებული ტარიფებით მუშაობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს. ისინი ტარიფების გადახედვასა და ინდექსიზაციას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაკოტრება ემუქრება ასობით კლინიკას როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

შესაძლოა, ზოგმა კლინიკამ ვეღარ გააგრძელოს ოპერირება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის ფარგლებში. ვფიქრობ, მივაღწევთ შედეგს, ტარიფები გადაიხედება, თავიდან ავიცილებთ იმ საშიშროებას, რომ კლინიკებმა ოპერირება შეწყვიტონ.

აუცილებელია ტარიფების გაზრდა იმისთვის, რომ კლინიკებმა ხარისხიანი მომსახურება შეძლონ - აცხადებს მიშა ქამუშაძე, საჩხერის კლინის ხელმძღვანელი.

დღეს ყველა კლინიკა 2013 წლის ტარიფებით მუშაობს, რაც მედპერსონალის მტკიცებით, ქვეყანაში არსებული ინფლაციის გათვალისწინებით, საავადმყოფოებს გაკოტრების საშიშროების წინაშე აყენებს.