ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტები კერძო კომპანიებში - ომბუდსმენის განცხადება
სახალხო დამცველმა შპს „ფაქტორი გრუპსა“ და CD Company-ში დასაქმებული ქალების მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტები დაადგინა. ომბუდსმენმა 2022 წლის 5 ივლისს რეკომენდაციებით მიმართა აღნიშნული კომპანიების დირექტორებს და მოუწოდა, არ განახორციელონ მომავალში დასაქმებულთა სექსუალური შევიწროება და არ შეუქმნან თანამშრომლებს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და მათი ღირსებისთვის შეუსაბამო გარემო.
შპს „ფაქტორი გრუპში“ სამსახურის დაწყებიდან ცოტა ხანში, კომპანიის დირექტორმა განმცხადებელთან არასამსახურეობრივ საკითხებზე სისტემატური მიმოწერა დაიწყო. მიმოწერისას იგი ხაზს უსვამდა ქალის გარეგნობას და ირიბად მიანიშნებდა, რომ მისი კარიერული წინსვლა მის ქცევაზე იყო დამოკიდებული. მას შემდეგ, რაც ქალმა დამსაქმებელს განუმარტა, რომ ჰყავდა მეგობარი მამაკაცი და მისთვის უსიამოვნო და მიუღებელი იყო უფროსთან პირად საკითხებზე კომუნიკაცია, დირექტორმა თანამშრომლის საქმიანობასთან დაკავშირებით უკმაყოფილების გამოხატვა დაიწყო. შედეგად, ქალს სამსახურის დატოვება მოუწია.
საგულისხმოა, რომ საქმეში არსებული გარემოებებისა და მტკიცებულებების ანალიზის შედეგად სახალხო დამცველმა პირველად დაადგინა სექსუალური შევიწროების სახე - „მომსახურება მომსახურების სანაცვლოდ (Quid Pro Quo)“.
მსგავს პრობლემები შეექმნა შპს CD Company-ში დასაქმებულ ქალს, რომელთანაც თითქმის სამსახურის დაწყებისთანავე დაიწყო კომპანიის დირექტორმა არასამსახურებრივ საკითხებზე სისტემატური მიმოწერა. ქალმა თავიდანვე განუმარტა თავის უფროსს, რომ მისთვის მიუღებელი იყო პირად ცხოვრებაზე საუბარი, თუმცა, დამსაქმებელი მაინც აგრძელებდა პირადი ცხოვრების შესახებ შეკითხვების დასმასა და მის მიმართ სიმპათიის გამოხატვას. დამსაქმებელი ასევე, აქტიურად ადევნებდა თვალს განმცხადებლის სოციალურ ქსელს და ცალკეული ფოტოს შესახებ თავის აზრებსაც უზიარებდა. მას შემდეგ, რაც განმცხადებელმა დამსაქმებელი ყველა სოციალურ ქსელში დაბლოკა, დირექტორს მისი საქმიანობა უკვე აღარ მოსწონდა და ხშირად გამოხატავდა უკმაყოფილებას. შედეგად, ამ ქალსაც მოუწია სამსახურის დატოვება.მოვუწოდებ კომპანიის ხელმძღვანელებს, სექსუალური შევიწროების პრევენციის მიზნით, შეიმუშავონ შიდაორგანიზაციული დოკუმენტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტის გასაჩივრებისა და შესწავლის პროცედურები.- აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.
სექსუალური შევიწროების მსხვერპლთა ინტერესებს ააიპ ,,საფარი" იცავს.