ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმე - სასამართლოს განაჩენი ცნობილია
განაჩენი გამოტანილია - ანასტასია შატალოვას განზრახ ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 3-ვე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
მკვლელობაში ბრალდებული ბექა ლატარიას სასამართლომ დამნაშავედ ცნო შემდეგი მუხლების დარღვევაში: 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად), 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარება, ჩადენილი ჯგუფურად.
ლატარიას 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა მას კიდევ 3 წელი მანამდე არსებული პირობითი მსჯავრი დაემატა და ის ციხეში 20 წელს გაატარებს.
მოსამართლის გადაწყვეტილებით დამნაშავედ ცნეს საქმეზე დაკავებული კიდევ ორი პირი - ბიძინა ხასია და ლევან რაჯავი.
ბიძინა ხასია დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტში (მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად), 236-ე მუხლის მესამე, მეოთხე და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად) და 19-353 პრიმა მუხლის მესამე ნაწილში (პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით). მას 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რაც შეეხება ლევან რაჯავის, რომელსაც ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით) და 265-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა) ჰქონდა წარდგენილი, მას 4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.
27 წლის ანასტასია შატალოვა გასული წლის 18 ოქტომბერს მოკლეს.