ფარული მოსმენები ნიუსრუმებში - 24 საათიანი ფიქრის შემდეგ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო

15.07.22 11:18
ფარული მოსმენები ნიუსრუმებში - 24 საათიანი ფიქრის შემდეგ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო

ფარული მოსმენები ნიუსრუმებში - სპეციალური  საგამოძიებო სამსახურის შეფი არ პასუხობს კითხვას, დაიბარებენ თუ არა  გამოკითხვაზე სუს-ის ხელმძღვანელს, გრიგოლ ლილუაშვილს.

24 საათიანი ფიქრის შემდეგ კოკა კაციტაძის უწყებამ  ჟურნალისტების სამუშაო  ოთახშებში მოსასმენი აპარატების საქმეზე გამოძიება დაიწყო, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, გამოკითხვაზე ჯერ არავინ დაუბარებია. 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მეგობარი, მომღერალი "უცნობი" გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ, თუმცა ამბობს, რომ გამომძიებლების კითხვებზე პასუხების გასაცემად გია გაჩეჩილაძის საგამოძიებო უწყებაში დღეს დაიბარებენ.

"პირველებმა" კაციტაძეს ასევე დაუსვა კითხვა, დაიწყო თუ არა საგამოძიებო უწყებამ გამოძიება სიმბოლურად, რამაც სუს-ის უფროსის გაღიზიანება გამოწივია. 

სიმბოლურად ეს თქვენი შეფასებაა და თქვენი დამოკიდებულებაა...“უცნობის“ დაბარება მოხდება კი, დღეს უნდა დავუკავშირდეთ, - თქვა კაციტაძემ. 

საქმის რეალური გამოძიების არ სჯერა იურისტ დიმიტრი საძაგლიშვილს. მისი თქმით, სუს-ი გამოძიების მხოლოდ საზოგადოების დასანახად დაიწყებს, რეალურად, კი საქმეს თაროზე შემოდებს. 

როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის დაკავებული ამ საქმიანობით, ბუნებრივია,  რომ სხვა საგამოძიებო უწყებები არ გამოიძიებენ ხელისუფლების დავალებით ჩადენილ დანაშაულს. მოხდება უბრალოდ გამოკითხვა „მთავარი არხის“ თანამშრომლების, ამ უკანონო ჩანაწერის გამავრფცელებლის, რომელმაც ხელისუფლების დაკვეთით გააკეტა ეს, ბუნებრივია და აქ დასრულდება ეს. იტყვიან, რომ მიმდინარეობს გამოძიება და რამდენი ხანი გაგრძელდება ეს, არავინ იცის, - თქვა საძაგლიშვილმა. 

ქვეყანაში ტოტალური მოსმენების ახალი მასშტაბი დადასტურდა - სუს-ი კრიტიკულ მედიას არა მხოლოდ სატელეფონო საუბრის დროს, არამედ ჩამწერი მოწყობილობები დამოუკიდებელ ტელევიზიებში აქვს დამონტაჟებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უსმენენ, როგორ გეგმავენ ჟურნალისტები ტელეგადაცემებს და შემდეგ ამ ჩანაწერებს სამთავრობო მედიის საშუალებით ავრცელებენ.

ბიძინა ივანიშვილის ახლო მეგობარმა, მომღერალმა "უცნობმა" სუს-ის ფაილები გაასაჯაროვა, სადაც "მთავარი არხის" წამყვანი გიორგი გაბუნია გადაცემას გეგმავს და პარალელურად "ტვ პირველის" საგამოძიებო ტელეპროექტის შესახებ საუბრობს. 

მედიაექსპერტები პირდაპირ ამბობენ, რომ სკანდალური ჩანაწერებით "უცნობმა" ქართული ოცნება ამხილა, რომ ტელევიზიების ნიუსრუმებში მოსასმენი აპარატურა აქვს დამონტაჟებული.