დაკავებულია ერთი პირი - შსს-მ მარნეულში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის საქმე გახსნილია- პოლიციამ 1973 წელს დაბადებული მამაკაცი, ა.ი. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქესალოში, მიწის ნაკვეთის საკუთრებასთან დაკავშირებით არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, თანასოფლელი - 1958 წელს დაბადებული ტ.ე. სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი მოგვიანებით სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქესალოში მკვლელობა ყოფით ნიადაგზე დღეს მოხდა. დაპირისპირება მიწის სადავო ნაკვეთის გამო დაიწყო და 60 წლის მამაკაცის სიცოცხლის მოსპობით დასრულდა.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.