მოსმენების სკანდალი - გვიშიანი "უცნობის" ჩანაწერსა და გოგაშვილის დაკავებას შორის კავშირს არ გამორიცხავს

16.07.22 17:32
მოსმენების სკანდალი - გვიშიანი  "უცნობის" ჩანაწერსა და გოგაშვილის დაკავებას შორის კავშირს არ გამორიცხავს

გიორგი გვიშიანმა სპეციალური საგამოძებო სამსახური დატოვა. ჟურნალისტმა უწყების თანამშრომლებს  ჩვენება მისცა იმის შესახებ, თუ რა ინფორმაციას ფლობს „უცნობის“ მიერ გასაჯაროებულ აუდიო-ჩანაწერებზე.

„მთავარი არხის“ ჟურნალისტის თქმით, "უცნობის" მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერსა და სოსო გოგაშვილის დაკავებას შორის შესაძლოა რაიმე ლოგიკური კავშირი იყოს.

„ჩვენთან კითხვები იყო, ვიცოდით თუ არა ჩვენ ამ ვიდეო-ჩანაწერის გასაჯაროების შესახებ.
ჩვენ დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ეს არის სუს-ის მიერ გაკეთებული ჩანაწერები, იმიტომ, რომ ისე განვითარდა მოვლენები, რომ რაღაც გარკვეული ლოგიკის დანახვა შეიძლება. თეორიულად რომ დავუშვათ, რომ ჩვენ სპეციალურად დავასახელეთ ადამიანის გვარი, სულაც არ იყოს ის ადამიანი ჩვენთვის ინფორმაციის წყარო, მაგრამ უბრალოდ გვარი ვთქვით შეთანხმებულები ვიყავით და ეს კაცი დღეს დაიჭირეს. იქნება და რაღაც კონსპირაციის თეორიასაც ჰქონდეს აქ ადგილი. აუცილებელია, რომ დაკითხონ „უცნობი“ და გაარკვიონ საიდან აქვს ეს ჩანაწერი. ან რა მიზნით გაასაჯაროვა ეს ჩანაწერი, რა საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდა, თუ ეს იყო მხოლოდ პროპაგანდა სახელმწიფოსი“. - ამბობს გიორგი გვიშიანი.

გამოძიების კითხვებს „უცნობის“ მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერის ერთ-ერთი ფიგურანტი, გიორგი გვიშიანი 2 საათის განმავლობაში პასუხობდა

საქმეზე გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ გამოკითხვაზე ამ დრომდე არ დაუბარებიათ საქმის მთავარი ფიგურანტი, გია გაჩეჩილაძე. (უცნობი)