სააპელაციოს ობიექტური გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროინტეგრაციას - მედიაკოალიცია გვარამიას საქმეზე
მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს ობიექტური გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის. ამის შესახებ მედიაკოალიცია სპეციალურ განცხადებაში წერს.
კოალიცია იმედს გამოთქვამს, რომ სააპელაციო სასამართლო ობიქტურად შეაფასებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, გაითვალისწინებს სახალხო დამცველისა თუ სხვა ორგანიზაციების მოსაზრებებს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით და მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციას, – ნათქვამია განცხადებაში.
ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი სააპელაციო სასამართლოში დღეს, 19 ივლისს, არის ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ,,მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი დაცვის მხარემ მეორე ინსტანციაში გაასაჩივრა.