გადაამეტეს თუ არა უფლებამოსილებას სამართალდამცველებმა- რუსთავის ციხეში სოსო გოგაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს
3 საათზე მეტია, რუსთავის მე-12-ე დაწესებულებაში ბრალდებულ სოსო გოგაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს. საქმე ეხება დაკავების დროს სამართალდამცველების მხრიდან სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას, რა დროსაც დაზიანებები მიაყენეს მის ვაჟსაც. გამოკითხვის პროცესს ესწრება ყოფილი ძალოვანის უფლებამდაცველიც.
გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვისი ბრძანებით გადაამეტა უფლებამოსილებას სპეცრაზმმა და დააკავებენ თუ არა სუს-ის გენინსპექციის უფროსის მოადგილეს,გიორგი ღამბაშიძეს, რომელსაც გოგაშვილი იარაღის ჩადებასა და ცემაში ადანაშაულებს.
საუბარი იქნება სოსო გოგაშვილის დაკავებისა და ჩხრეკის დროს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით იმ უკანონო ქმედების შესახებ, რაც გაჟღერდა ტელევიზიების მეშვეობით. როგორც იცით, მიმდინარეობს გამოძიება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში 333-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას.
გავრცელებულ კადრებში ისმის გოგაშვილის ხმა, ,,მოვდივარ, ვაღებ". შესაბამისად, მან ერთი კარი გააღო და მიდიოდა, რომ მეორეც გაეღო, რათა ნებაყოფლობით მომხდარიყო სამართალდამცველების შემოსვლა. თუმცა, კადრში ვხედავთ, რომ მოხდა მის მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება. - ამბობს სუს-ის მაღალჩინოსნის ადოკატი.
სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტება- ფაქტზე დღეს გამოიკითხება ჯერ სოსო გოგაშვილი, შემდეგ კი მისი ოჯახის წევრები, რომლებმაც უშიშროების ექსმაღალჩინოსნის აყვანის სპეცოპერაციის დროს დაზიანებები მიიღეს.