9 წელი ციხე, 20 ლარის გამო - პატიმარი ქსნის ციხიდან "პირველებს" შველას სთხოვს
9 წლით 35 წლის იოსებ ელოვი ციხეში 20 ლარის გამო და ერთი მოწმის ჩვენებით გაუშვეს. პატიმარი ქსნის ციხიდან "პირველებს" შველას სთხოვს. ყაჩაღობის მუხლით გასამართლებული პროტესტის ნიშნად უკვე 3 კვირაა შიმშილობს.
მსჯავრდებული "პირველებთან" ამტკიცებს, რომ ის უკანონო პატიმარია და ვიდრე საქმეს არ გადახედავენ შიმშილობას არ შეწყვეტს.
იოსებ ელოევს გამოძიება ბენზინგასამართ სადგურის, მოლარეზე დანით თავდასხმასა და 20 ლარის გატაცებას ედავება. საქმის მასალებში, რომელიც "პირველებმა" მოიპოვა, მთავარ მტკიცებულებად მხოლოდ დაზარალებულის ორჯერ შეცვლილი ჩვენება დევს.
დაზარალებული ყვება, რომ თავს ჯერ ელოევი, შემდეგ კი სამი პირი დაესხა და დაზიანებები მიაყენეს. საპირისპიროს ამტკიცებს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც წერია, რომ დაზარალებულის სხეულზე ელოევის დნმ-ის კვალი არ აღმოჩნდა.
ყაჩაღობის საქმეში დევს სათვალთვალთვალო კამერის ჩანაწერებიც. მასალაში თავდასხმის მომენტი ასახული არ არის. ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ტოვებს იოსებ ელოევი და მისი ორი მეგობარი ტერიტორიას ისე, რომ გაქცევას არც ერთი მათგანი არ ცდილობს.
ერთ-ერთი ახალგაზრდა რომელიც ვიდეოკადრებში ჩანს იოსებ ელოევის მეგობარი და ოქროს მოწმეა. ახალგაზრდა კაცი ამტკიცებს, რომ მეგობრებს ბენზინგასამართ სადგურზე ოპერატორთან მხოლოდ შელაპარაკება მოუვიდათ. მოგვიანებით კი პოლიციამ უმძიმესი ბრალდებით მხოლოდ მათი მეგობარი დააკავა.
პირი, რომელიც წესით ყაჩაღობის თანამონაწილეა გამომძიებლებმა მხოლოდ ორჯერ გამოკითხეს. ახალგაზრდა ამბობს, რომ პოლიციის უფროსმა მისთვის სასურველი ჩვენება იძულებით მიაცემინა.
მსჯავრდებულის ოჯახს ეჭვი აქვს რომ იოსებ ელოევი გამოძიებამ შეკერილი საქმით ანგარიშსწორების გამო დააკავა. ელოევი წარსულში ნასამართლევია და სამართალდამცველები მას მუდმივად აშანტაჟებდენ. მათივე მტკიცებით, თანამშრომლობას სთავაზობდნენ და უარის თქმის შემდეგ ქვეყნის დატოვებასაც აიძულებდნენ.