სასამართლომ Ajara TV-ის, საინფორმაციოს უფროსის უკანონოდ გათავისუფლებისთის 20 000 ლარი კომპენსაცია დააკისრა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის "საზოგადოებრივი მაუწყებლის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის შორენა ღლონტის გათავისუფლება ტელევიზიიდან უკანონოდ მიიჩნია და მაუწყებელს 20 000 ლარის გადახდა დააკისრა .
ტელევიზიამ შორენა ღლონტს ყოველთვიურად 2500 ლარი უნდა გადაუხადოს - ამის შესახებ ინფორმაციას "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ავრცელებს.
"შორენა ღლონტი 2014 წლიდან აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა. თუმცა, 2020 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად გიორგი კოხრეიძის დანიშვნის შემდგომ, ახალი მენეჯმენტის პროსახელისუფლებო პოზიციებისა და ლოიალობის გათვალისწინებით, იგი მიზანმიმართულად გახდა დისციპლინური დევნის სუბიექტი და გაათავისუფლეს თანამდებობიდან.
მაუწყებლის დირექტორის ბრძანებით იგი გადაიყვანეს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდისა და სოციალური მედიის არასაშტატო პოზიციაზე კონსულტანტად, ხოლო მას შემდეგ რაც მან საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციიდან გათავისუფლების გამო სასამართლოს სარჩელით მიმართა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა მას კონსულტანტის პოზიციაზე ყოფნის შრომითი ხელშეკრულების ვადა უკანონოდ შეუმცირა და მცირე ხანში ამ პოზიციიდანაც გაათავისუფლა.
შორენა ღლონტმა სოციალური სამართლიანობის ცენტრის დახმარებით ორივე შემთხვევაში მიმართა სასამართლოს და ითხოვა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებების უკანონოდ ცნობა, საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება.
სასამართლომ დაახლოებით 2 წლიანი განხილვის შემდგომ მიიღო გადაწყვეტილება, ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი და უკანონოდ სცნო შორენა ღლონტის სამსახურიდან გათავისუფლება, თუმცა უარი თქვა საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე აღდგენაზე და სანაცვლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს კომპენსაციის გადახდა დააკისრა"- ნათქვამია განცხადებაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ასევე წერს, რომ პოზიციების შეჯერების შემდგომ საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე აღდგენაზე უარს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.