პოლიტიკოსებმა ჟურნალისტები რომ არ სცემონ, ერთი ნაბიჯი აკლიათ - მელაძე

26.07.22 13:20
პოლიტიკოსებმა ჟურნალისტები რომ არ სცემონ, ერთი ნაბიჯი აკლიათ - მელაძე

თავდასხმა კრიტიკულ მედიაზე - ნოდარ მელაძის თქმით, საქართველში ჟურნალისტებისთვის მუშაობა ყოველდღიურად უფრო საშიში ხდება.

„ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ამბობს, რომ მმართველ პარტიაში პანიკაა და ხელისუფლებას ავიწყდებათ, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ ომში გამარჯვებული ხელისუფლება არ არსებობს.

ნოდარ მელაძე იმასაც უსვამს ხაზს, რომ პოლიტიკოსებმა ჟურნალისტები რომ არ სცემონ, ერთი ნაბიჯი აკლიათ.

ის, რასაც ორი დღეა ირაკლი კობახიძე და ქართული ოცნების ლიდერები კადრულობენ, ასეთი ძალიან იშვიათად მახსენდება, რომ რომელიმე ხელისუფლას ბოლო 30 წლის განმავლობაში ეკადროს მედიის მიმართ. ეს არის პირდაპირი სიმპტომი, რომ მმართველ პარტიაში არის პანიკა, უბრალოდ ერთი დეტალი ავიწყდებათ, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ ომში გამარჯვებული ხელისუფლება არ არსებობს. ჟურნალისტების ხელში იბადებიან და კვდებიან ისინი, როგორც პოლიტიკოსები. ასეთს მედია ბევრს გაისტუმრებს. პირდაპირ ვამბობ, რომ საქართველოში, ყოველდღიურად, ჟურნალისტებისთვის მუშაობა ხდება უკიდურესად საშიში და ეს არის „ქართული ოცნების“ დამსახურება. პირდაპირ პოლიტიკოსებმა ჟურნალისტები რომ არ სცემონ, ამისთვის ერთი ნაბიჯი აკლიათ“. - ამბობს ნოდარ მელაძე. 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ “მთავარის“ ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა.

ირაკლი კობახიძე წყობიდან მას შემდეგ გამოვიდა, რაც ჟურნალისტებმა  ჰკითხეს დავით არახამიას განცხადებების იმ ნაწილზე, რომელიც "ოცნების" თავმჯდომარის მამის საქმიანობას უკავშირდებოდა. 

"სახე მოიწმინდე", "სამარცხვინო", "ქალი არ ხარ" "კაკებეშნიკი მამაშენია", - იმეორებდა წყობიდან გამოსული "ოცნების" თავმჯდომარე. 

კობახიძის შემდეგ სიძულვილის ენა და თავდასხმა მედიაზე მამუკა მდინარაძემ  გააგრძელა.


 

მსგავსი სიახლეები