შშმ პირზე ძალადობის ფაქტზე პატრულ-ინსპექტორს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა - პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მეტროსადგურ ,,ისანში" არასრულწლოვანი შშმ პირის მიმართ არაადამიანური მოპყრობის, ასევე პატივისა და ღირსების მდგომარეობაში ჩაყენების ფაქტზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ პატრულ ინსპექტორი დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მეტროსადგურ ,,ისანში“ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, მეტროპოლიტენის სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არაადამიანურად მოეპყრო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანს, რომელსაც მისივე მეგობრების თანდასწრებით ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული 25 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ არაადამიანური მოპყრობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ძალადობა შშმ პირზე - პროკურატურამ პატრულ ინსპექტორ ნუკრი ბაქრაძეს არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, ხოლო ინციდენტში მონაწილე მეორე პატრულ-ინსპექტორს, კახა ბაკაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ბრალდება წარუდგინა. მოგვიანებით ბაკაშვილი გირაოთი გათავისუფლდა.