"შველას ითხოვდა, სისხლისგან დაიცალა" - "პირველებმა" გავაზში მომხდარი უმძიმესი დანაშაულის დეტალები გაარკვია
სასტიკი მკვლელობა სოფელ გავაზში - 45 წლის დავით ქიტესაშვილის ოჯახი თავდამსხმელთან ერთად სისხლიან გარჩევაში მონაწილე სხვა პირების დასჯას ითხოვს.
მათი თქმით, შემთხვევის ადგილზე 15-მდე ადამიანი იმყოფებოდა, ასევე, დაჭრილი პირი შველას ითხოვდა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მოკლულის ახლობლები ამბობენ, რომ დაჭრილი შველას ითხოვდა, თუმცა, სასწრაფოდ მისვლამდე საავადმყოფოში არ გადაიყვანეს.
40 წუთის ლოდინის შემდეგ კი ქიტესაშვილი სისხლისგან დაიცალა. ირკვევა, რომ დაპირისპირება თავდაპირველად მკვლელობაში ბრალდებული 27 წლის ბიჭის მამასა და დავით ქიტესაშვილს შორის სუფრასთან, ლუდის გამო, დაიწყო.
ადგილობრივების მონაყოლის თანახმად, დაპირისპირებულები ქუჩაში გავიდნენ, რა დროსაც ნიკა ნინიაშვილი სახლში წავიდა, სამზარეულოს დანა აიღო და დავით ქიტესაშვილს მუცლის არეში ჩაარტყა.
დაკავებულის ბაბუა "პირველებთან" ამბობს, რომ გარდაცვლილმა მის შვილიშვილს შეაგინა, კაცი ამტკიცებს, რომ დავით ქიტესაშვილი ნიკა ნანიაშვილს მაშინაც მოსდევდა, როცა მამამის სახლში მიჰყავდა, რის შემდეგაც 27 წლის კაცმა დანა აიღო და 45 წლის კაცი მოკლა.