თვალთვალი ოპოზიციაზე - ხელისუფლების ოპონენტები "მთავრობის გადადგომის" საფუძველზე საუბრობენ

18.09.22 11:32
თვალთვალი ოპოზიციაზე - ხელისუფლების ოპონენტები "მთავრობის გადადგომის" საფუძველზე საუბრობენ

ტოტალური თვალთვალის მორიგი მტკიცებულება - "ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში"  გასული სკანდალური სიუჟეტის შემდეგ გენერალური პროკურატურა ისევ დუმს. საუბარია, ვიდეო და აუდიო მტკიცებულებებზე, რომლითაც დასტურდება, რომ სუსი ოპოზიციის ლიდერებს უთვალთვალებდა.

ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ აღნიშნული სიუჟეტი მთავრობის გადადგომის და მინიმუმ სუსის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების საფუძველი უნდა ყოფილიყო. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ადგილი უპრეცენდტო მასშტაბის დანაშაულს აქვს.

ნორმალურ ქვეყანაში მთელი მთავრობა გადადგებოდა, მთელი პარლამენტი გადადგებოდა და მართლა დაინიშნებოდა რიგგარეშე არჩევნები, - ამბობს ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე. 

"ლელოს" წევრი საბა ბუაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის ლიდერების თვალთვალი მათივე დასასრულზე მეტყველებს. 

ის, რომ ხელისუფლებისთვის ოპოზიცია და მთლიანად პროდასავლური საზოგადოება წარმოადგენს ძალიან დიდ თავის ტკივილს წარმოადგენს, დასტურდება აი, ამ მასობრივი მოსმენებით. თვალთვალი და ფარული მიყურადება არის ხელისუფლების დასასრულის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი, - ამბობს  ბუაძე. 

 "ნოდარ მელაძის შაბათმა" „ქართული ოცნების“ მმართველობის 10 წლიანი ისტორიის განმავლობაში, პოლიტიკური ლიდერების უკანონო თვალთვალის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოიპოვა.  გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, სუს-ის ოპერატიული მუშაკების გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალა, ასევე ტექსტური შეტყობინებები,  2020 და 2021 წლით თარიღდება. მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ სრულიად ოპოზიციურ სპექტრს  ჩანერგილი აგენტების საშუალებითაც აკონტროლებენ.