მედიის თავისუფლების შეზღუდვა - კომიტეტის სხდომა პოლიტიკური დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა

19.09.22 13:39
მედიის თავისუფლების შეზღუდვა - კომიტეტის სხდომა პოლიტიკური დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა

პარლამენტში კომიტეტის სხდომა პოლიტიკური დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობს. ოპოზიციამ "ქართული ოცნება" იმ რეგულაციის გამო გააკრიტიკა, რომელსაც მმართველი პარტია მედიასაშუალებებს უწესებს. კონკრეტულად საუბარია მედიაში სიძულვილის ენის აკრძალვაზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით "ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა "ოცნებას" შეახსენა, რომ სწორედ მათ მიერ წახალისებული კამპანია გახდა იმ ძალადობის მიზეზი, რომელსაც ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა ემსხვერპლა.  

გამოდის, რომ კობახიძე ვეღარ გაბედავს, რომ დაგვაბრალოს რადიკალობა და წააქეზოს ზიზღი ჩვენს მიმართ. ძალიან ცინიკურია საუბარი ზიზღის და სიძულვილის წაქეზებაზედა აი, ამ კონტექსტით მედიისთვის ახალი რეგულაციების დაწესებაზე, როდესაც ამ შენობიდან 20 ნაბიჯის მანძილზე თქვენს მიერ წარმოებული სიძულვილის პოლიტიკის გამო, ადამიანი არის მოკლული. ეს არ დაგავიწყდეთ, - თქვა ნაცვლიშვილმა. 

დილიდან პარლამენტი მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე მსჯელობს. "ოცნების" 11 დეპუტატის მიერ მომზადებული კანონპროექტი, სავარაუდოდ, ჟურნალისტების შებოჭვას ემსახურება.

ოპოზიცია კანნპროექტის მხარდაჭერას არ აპირებს.  ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ აღნიშნული კანონის მიღებით მმართველი გუნდი კრიტიკული ტელევიზიების მიმართ პოლიტიკურად მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს მომენტალურად  აღსრულებს.

კომიტეტის სხდომას ესწრებიან მედიის წარმომადგენლებიც და ასევე, მედიამენეჯერები და მედიაექსპერტები. პროცესს თალყურს პრეზინდეტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაზეც ადევნებს.