რუსეთის მოქალაქეების მასობრივი გადმოსახლების ახალი ტალღა - "ოცნება" უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას არ გეგმავს
საქართველო რუსეთის მოქალაქეების მასობრივი გადმოსახლების ახალი ტალღის წინაშეა. პუტინის მიერ მასობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ხალხში პანიკააა. ადამიანები ქვეყანას მასობრივად ტოვებენ. ერევნის და თბილისის მიმართულებით ავიაბილეთები, პრაქტიკულად, აღარ არსებობს.
ადამიანებს ეშინიათ პოლიეთილინის პაკეტებად გადაქცევის, რაც უკრაინაში დიდი რაოდენობით იწარმოება. რუსეთიდან გაქცევის მსურველთა ნაკადი კოლოსალური იქნება. ამას ჩვენ უკვე ვხედავთ, მოსკოვი-ერევნის ბილეთების მაგალითზე შეგვიძლია ამის თქმა. ახლა სწორედ იმ ახალგაზრდების გადინება ხდება, რომელთაც არ სურთ პაკეტებად იქცნენ. მათ ისევე ეშინიათ სიკვდილის, როგორც ნებისმიერ ადამიანს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ნაწილობრივ არ უშვებს რუსებს, რთული სათქმელია, ნაკადის შეჩერება შესაძლებელი იყოს. სწორი გადაწყვეტილებაა, რომ ისინი მასობრივად ტოვებენ რუსეთს. სახელმწიფო დუმამ უკვე მიიღო კანონი დეზერტირობაზე ან არგამოცხადებაზე, რაც სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. გამოძახებას მეც ვექვემდებარები, ვითვლები რეზერვში და ალბათ უახლოეს დღეებში გაწვევის წერილსაც მივიღებ, თუმცა ცხადია, მე ამაზე რეაგირება არ მექნება და ჩემზე ძებნა გამოცხადდება, - ამბობს რუსეთის მოქალაქე.
საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივი გადმოსახლების მიუხედავად, "ოცნების" ხელისუფელბა უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას არ აპირებს. ოპოზიცია სავიზო რეჟიმის დაწესებას ითხოვს, თუმცა ირაკლი კობახიძე პირდაპირ ამბობს, რომ საკითხი განხილვასაც კი არ ექვემდებარება. ამის მიუხედავად, მმართველი პარტიის თავმჯდომარე აღიარებს, რომ ქვეყანა ფხიზლად და ფრთხილად უნდა იყოს.
ომი დაიწყო, ნახევარწელიწადზე მეტია უკვე, რაც ომი გრძელდება და თქვენ ხედავთ, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენი სახელმწიფო უწყებები ბოლომდე უზრუნველყოფენ სახელმწიფო უსაფრთხოებას. ახლა მითუმეტეს, როდესაც ახალი მობილიზაცია გამოცხადდა, კიდევ უფრო ფხიზლად და ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ საფრთხეები არ გაგვეპაროს, - თქვა კობახიძემ.
პუტინის ახალი განკარგულების თანახმად, რომელიც მობილიზაციას გულისხმობს, სამ ნაწილადაა დაყოფილი. მობილიზაცია 70 წლამდე ხანდაზმულებსაც კი ეხებათ. მობილიზაციის მესამე ტალღა კი 50 წლამდე ქალების გაწვევასაც ითვალისწინებს.