სასამართლო დღეს არის იმდენად დამოუკიდებელი, რომ ეს არ ყოფილა არც ერთ ეტაპზე - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

21.09.22 15:49
სასამართლო დღეს არის იმდენად დამოუკიდებელი, რომ ეს არ ყოფილა არც ერთ ეტაპზე - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

სოსო გოგაშვილის სკანდალური განცხადებები იყო განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იუსტიციის საბჭოს სხდომაზე - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო ქადაგიძემ  რუსთავი 2 -ის საქმის მოსამართლე ბესარიონ ალავიძეზე იერიში მიიტანა და თქვა, რომ მის კოლეგას ახსნა-განმარტებების გაკეთება მოუწევს: 

ვიღაც ვიღაცებს ჰგონიათ, რომ საზოგადოებამ ანალიზის უნარი დაკარგა და არ შეუძლია ფაქტების შეჯერება. ბატონი, ბესო, ძალიან ვწუხვარ რომ მასზე მიწევს საუბარი, პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ის არ გახლდათ არც მომხსენებელი მოსამართლე და ამ საქმეში გადაწყვეტილების ერთი ხმა ჰქონდა მხოლოდ 9 მოსამართლეთა შორის და ის ბუნებრივია, გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა.

მე, ბატონ ბესოს საჯაროდ მოვუწოდებ, თუ მას სურვილი აქვს, შეხვდეს საბჭოს, ისაუბროს ამ ფაქტებზე ღიად და საჯაროდ. მე მის გვერდით ვიქნები თუ რაიმე ფაქტი იქნება დადასტურებული... თუმცა, ვფიქრობ, რომ გუშინდელი განცხადება სრულად გამანადგურებელი იყო მისთვის, რამეთუ ბატონმა გოგაშვილმა განაცხადა ასეთი რამ, რომ სამი დაპირება გაიცა მის მიმართ. როგორც ჩანს, ორი ასრულდა და მესამე ვერ ასრულდა, ასე გამოდის და რამეთუ ხელი აქვს მას მოწერილი იმ გადაწყვეტილებაზე.

უკაცრავად, მაგრამ რაღაც ეტაპზე ზღვარს არ უნდა გადავიდეს არავინ სასამართლოსთან ურთიერთობაში. სასამართლო დღეს არის იმდენად დამოუკიდებელი, რომ ეს არ ყოფილა არც ერთ ეტაპზე. ჩვენ შევძლებთ დავიცვათ ჩვენი თავი. ვფიქრობ, რომ ასეთი მდორე სცენარები და უნიჭო შემსრულებლები ცოტა უხერხულია რომ ამ პოლიტიკური თამაშისთვის იქნას გამოყენებული“. - აცხადებს ნინო ქადაგიძე. 
 

სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ინფორმაციით, რუსთავი 2 -ის საქმეზე მოსამართლე ბესიკ ალავიძეზე  ზეწოლას ჯერ ჩინჩალაძე ახდენდა, შემდეგ კი  საქმეში სუსი ჩაერთო. მოსართლეების დაშანტაჟების და მათი მოსყიდვის გეგმა კი დიდი ფულის სანაცვლოდ  ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში იგეგმებოდა.

ამასთან, გოგაშვილის მიერ გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციას, რომელიც ივანიშვილის დავალებით მოსამართლეებზე ზეწოლას გულისხმობს, მოსამართლე ბესიკ ალავიძე არც უარყოფს და არც ადასტურებს. 

"პირველებთან" საუბრის დროს ალავიძემ განმარტა, რომ მისი მიზანია სასამართლო სისტემიდან კლანის წასვლა, ინფორმაციის გასაჯაროვებამ კი შესაძლოა, ამ პროცესს ხელი შეუშალოს.